განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დასაქმების ფორუმი გამართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტმა - ”ოტავა-98” სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად დასაქმების ფორუმი გამართეს. ფორუმი სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გაიმართა და ორგანიზებულია პროექტის ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება” ფარგლებში.

დასაქმების ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ევროკავშირის წარმომადგენლები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ბეზარაშვილის თქმით, ”სოციალური მომსახურების სააგენტო და ქუთაისის განათლების განვითარების ცენტრი უკვე მეოთხე ფორუმს ატარებს.

”სოციალური მომსახურების სააგენტო და ქუთაისის განათლების განვითარების ცენტრი უკვე მეოთხე ფორუმს ატარებს დღეს. სამი ჩატარებული ფორუმის შედეგად 32 ბენეფიციარია დასაქმებული გრძელვადიანი დასაქმებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დღევანდელი ფორუმი არანაკლებ საინტერესოა და დადებით შედეგზე ორიენტირებული იქნება, მოწვეულია 30-მდე დამსაქმებელი და 100-მდე ბენეფიციარი, არის აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციებზე და შედეგი გარდაუვალი იქნება”, - განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.

განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორის, ლია კილაძის თქმით, ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

”დღევანდელი ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია შშმ პირთა პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა. დღეს ამ ფორუმზე მონაწილეობას იღებენ პროექტის ფარგლებში მობილიზებული სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე და შესაძლებლობაზე მორგებული დასაქმების სერვისის მიწოდება ხდება”, - განაცხადა ლია კილაძემ.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო ”შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება” შუალედური შედეგები და გაიმართა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის ჩვენება.