გიორგი მაჩაბელი - ჩვენ მივესალმებით, რომ სწავლების პროცესში დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილეებს დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტექნოპარკში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მესამე კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა განაცხადა, კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობას.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიესალმება და აქტიურად საქმიანობს ამ მიმართულებით, რათა სწავლების პროცესში დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები, მოხდეს მათი გამოყენება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ამაღლებას, სწავლების პროცესის გაუმჯობესებას. ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება საინტერესო პრეზენტაციები, პედაგოგები გაეცნობიან იმ სიახლეებს, რომლებიც ამ მიმართულებით ინერგება“, - განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის განცხადებით, ცენტრს აქვს რამდენიმე მიმართულებით ძირითადი სიახლეები, რომელთა განხორციელებაც 2017 წელსაა დაგეგმილი.

მისივე თქმით, პირველი ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია ყველა საგნის მასწავლებლისთვის და ეს არის საგანში ინტეგრირებული ტექნოლოგიები.

„ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ ვდგამთ ნაბიჯებს დისტანციური სწავლებისკენ. პირველ რიგში, ჩვენ გავწვდებით ჩვენგან შორს მყოფ დიასპორებს. მათ შვილებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართული ენა შეისწავლონ. უკვე შერჩეულია 5 მასწავლებელი საპილოტე პროგრამისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. ასევე ჩვენ გვაქვს ინტერნეტგაზეთი, რომლითაც სარგებლობს ყველა მასწავლებელი. მომავალ წელს კი გვექნება განათლების მეცნიერებებში ელექტრონული ჟურნალი, რომელიც ასევე საშუალებას მისცემს მეცნიერებსა და მკვლევარებს განათლების მიმართულებით, ასევე პოლიტიკოსებს, რომ მიიღონ კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები თავიანთ რეფორმებში“, - განაცხადა რატიანმა და დასძინა, რომ სიახლეები არის დაგეგმილი 6 ძირითდი მიმართულებით და მათი განხორციელება 2017 წელს მოხდება.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებს შორის.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაში 200 პედაგოგი და სპეციალისტი მონაწილეობს, ხოლო მოხსენებები ხუთი თემატური მიმართულებით არის დაგეგმილი.