„ლევილ-სიულ-ორჟის ქართული მამული 1922-2016“ - თსუ-ში გამოფენა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ლევილ-სიულ-ორჟის ქართული მამული 1922-2016“ გაიხსნა. როგორც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იუწყებიან, გამოფენის ორგანიზატორია თსუ-ს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს ლევილის მამულის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შესყიდვას, მამულის მფლობელობის, მემკვიდრეობისა და მართვა-გამგებლობის საკითხებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა წერილებსა და პირად დოკუმენტებს, ფოტოკოლაჟს ლევილის მამულისა და იქ მცხოვრები ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, გამოფენის გახსნაზე ქართველმა ემიგრანტმა, ტიერი ბერიშვილმა მამამისის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის წევრის, მამია ბერიშვილის არქივიდან რამდენიმე უნიკალური დოკუმენტი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების 70-ზე მეტი ფოტო თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს გადასცა.

„ეს მართლაც უნიკალური მასალაა, რომელიც გაამდიდრებს იმ კოლექციას, რომელიც აქვს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. იმედია, რომ ჩვენი მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ისტორიოგრაფებისთვის იქნება მართლაც ძალიან კარგი სამუშაო მასალა,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

ტიერი ბერიშვილის თქმით, გადმოცემულ მასალებში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ოფისის 1957 წლის ოქმებია. ასევე არის უამრავი ძველი და ახალი ფოტო.

”ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევით ცენტრთან ურთიერთობას. სწორედ ამ ცენტრის მეშვეობით ითარგმნა ჩემი წიგნი „1880-1953 წლების ქართული სოციალ-დემოკრატია“ , - განაცხადა ტიერი ბერიშვილმა.

გამოფენა თსუ-ში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული კონფერენციის „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები“ ფარგლებში გაიმართა.