ქართულ ბაზარზე ევრო 5-ის სტანდარტის დაბალფასიანი საწვავი გამოჩნდა

წლების მანძილზე საქართველოში საწვავის ბაზარი ჩაკეტილ წრეს წარმოადგენდა და ახალი კომპანიის შემოსვლა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ბაზარზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად შეიცვალა და ბაზარზეც, მცირე მაგრამ მაინც, ახალი კომპანიები გამოჩნდნენ. კომპანია "ჯდ ოილ"-ი, ბაზარზე 10 თვის წინ შემოვიდა და კომპანიამ დედაქალაქის გარდა, რეგიონების ათვისებაც აქტიურად დაიწყო. კომპანიის სამომავლო გეგმებსა და ქართული საწვავის ბაზრის თავისებურებებზე, კომპანია "ჯდ ოილის" დამფუძნებელი დავით ჯაშიტაშვილი გვესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ დღეს ამ ბაზარზე არსებულ გარემოს, რამდენად კონკურენტუნარიანია ეს ბაზარი და რამდენად უწევენ დიდი კომპანიები რეალურ კონკურენციას ერთმანეთს?

- რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას ბაზარზე და კონკურენციას, მინდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია წარსულთან შედარებით ბევრად გამარტივებულია, წინა მთავრობის პერიოდში საქართველოს ბაზარი იყო სრულად მონოპოლიზირებული და ჩაკეტილი. დღეს ბაზარი მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანია, რაზეც მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელ ხელისუფლებას, რომ უკანონო ჩარევა ხელისუფლების მხრიდან აღარ ხდება ამ კონკრეტულ ბიზნესში. ჩემი აზრით კონკურენცია წარსულში შეუძლებელი იყო, რადგან ხელისუფლება კარნახობდა ფასებს, რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, მე დღესაც ვერ ვხედავ მთლად ჯანსაღ კონკურენციას ბაზარზე.

- რომელი ქვეყნიდან ახდენთ საწვავის იმპორტს და რა ტიპის საწვავს სთავაზობთ მომხმარებელს?- ჩვენი კონტრაქტორი კომპანია არის შვეიცარული კომპანია, ამ ეტაპზე დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენი საწვავი არის ევრო 5-ის სტანდარტის. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ "ჯდ ოილ"-ს საქართველოში შემოაქვს ზუსტად იმ ხარისხის საწვავი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევრო სტანდარტს. ჩვენ ვახორციელებთ ევრო დიზელის, პრემიუმის, რეგულარის და ევრო რეგულარის შემოტანას საქართველოში. "ჯდ ოილ"-ი ეწევა, როგორც საცალო გაყიდვას ავტო გასამართ სადგურებზე, ასევე საბითუმო რეალიზაციას ბაზებიდან.

- რას ფიქრობთ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, სააგენტომ 5 დიდი კომპანია დააჯარიმა და როგორ ფიქრობთ, დღესაც ხომ არ არის ბაზარზე შეთანხმებული ქმედებები...

- რაც შეეხება იმ ჯარიმებს და იმ ხუთ კომპანიას, რომელსაც სახელმწიფომ ჯარიმა დააკისრა. ვფიქრობ, ჩემი კომენტარი აქ ზედმეტი იქნება, რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ხუთი კომპანია შეთანხმებულად მოქმედებდა ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჯანსაღ კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, მე უკვე აღვნიშნე, რომ დღეს აღარ ხდება სახელმწიფოსგან ჩარევა, მაგრამ ის გასული წლები, როდესაც ბაზარზე სრული მონოპოლიზაცია იყო, თავისი კვალი დატოვა, რომ არა ის წარსული, დღეს ბევრად მარტივი იქნებოდა ბაზარზე შემოსვლა და ბევრად ნაკლებ ფინანსებთან იქნებოდა დაკავშირებული.

- გასულ კვირას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება სადაც აღნიშნა, რომ არაბრენდირებულ და მცირე ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებელს უხარისხო საწვავს სთავაზობენ და რაოდენობაშიც ატყუებენ. რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადებას, რა თქმა უნდა, მეც მსმენია იმის შესახებ, რომ არა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ხდება მსგავსი ქმედებები, ვერ გეტყვით ეს ასეა თუ არა, თუმცა ვთვლი, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამის კონტროლი, მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობა დღესდღეისობით საგანგაშოა. აქვე ვისარგებლებ თქვენი გაზეთით და მივმართავ იმ სტრუქტურებს ვისაც ეხება კვლვის ჩატარება, ნებისმიერი ჩვენი ბენზო გასამართი სადგურიდან და ბაზებიდან, მოხდეს არაგეგმიური შემოწმება, როგორც საწვავის ხარისხზე, ასევე ჩასხმის სიზუსტეზე და იქნას საჯაროდ გამოქვეყნებული, რადგან ჩვენ ჯდ ოილ-ი მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს.

- როგორია თქვენი მოსაზრება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. "ოპეკმა" რამდენიმე უშედეგო შეხვედრა გამართა, რათა ნავთობის მოპოვება შეემცირებინა და ამის მეშვეობით ბაზარზე ფასები გაეზარდა, თუმცა, ვხედავთ, რომ არცერთმა ამ ქმედებამ რეალური და გრძელვადიანი შედეგი არ მოიტანა. საინტერესო იქნება თქვენი მოლოდინები გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.

- მე ვთვლი, რომ ირანის მიმართ ემბარგოს მოხსნა, მაინც აისახებოდა მსოფლიო ბაზრის ფასებზე, მაგრამ, ფასის კლებას ხელი შეუწყო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებამაც, თუმცა, მე ვთვლი, რომ რუსეთს რომც მოეხსნას სანქციები, ფასები ძველ ნიშნულს მაინც არ დაუბრუნდება, რადგან ირანს დიდი რაოდენობით ნავთობი აქვს დაგროვებული.

- თქვენი განვითარების გეგმაზეც რომ ვისაუბროთ, თუ აპირებთ უახლოეს მომავალში ქსელის გაფართოებას და კიდევ რომელი რეგიონების ათვისება იგეგმება უახლოეს მომავალში?

- ჩვენი განვითარების პირველი ეტაპი იყო ბაზების აშენება და საწვავის შემოტანა ჩვენივე ბაზებზე საქართველოში. მეორე ეტაპი, გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ბენზო გასამართების გახსნა, გვინდა ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიმკვიდროთ დაბალი ფასით, მაღალი ხარისხით და ჩასხმის 100%-იანი სიზუსტით. ჩვენ სამომავლო გეგმებში შედის აქტიური ჩართვა საქველმოქმედო აქციებში. "ჯდ ოილს" დღესდღეისობით 120-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული მხოლოდ ბენზოგასამართ სადგურებზე და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც ძალიან გვახარებს. ზოგადად "ჯდ ოილ ბიზნეს გრუპს" სხვა საინტერესო ბიზნესგეგმები აქვს, რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით და განვახორციელებთ საქართველოში, იმედია, ეს უკვე ჩვენი შემდეგი საუბრის თემა იქნება.

პაატა თურქია

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"