გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - სიღარიბე შემცირდა, თუმცა გაიზარდა სუბიექტური სიღარიბე ანუ ადამიანები თვლიან, რომ უფრო ღარიბები არიან

სიღარიბე შემცირდა, თუმცა გაიზარდა სუბიექტური სიღარიბე ანუ ადამიანები თვლიან, რომ უფრო ღარიბები არიან.

ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მაია ქურციკიძემ აღნიშნა, კვლევის შედეგად მნიშვნელოვანი მიგნებები გამოიკვეთა, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეიმუშავოს სწორი პოლიტიკა და სწორი მექანიზმები სიღარიბის შესამცირებლად.

”სიღარიბე შემცირდა, თუმცა გაიზარდა სუბიექტური სიღარიბე ანუ ადამიანები თვლიან, რომ უფრო ღარიბები არიან და მათზე მოქმედებს ფასების ზრდა, უმუშევრობა, ავადმყოფობა და სხვა. გარდა ამისა, საინტერესო მიგნება იყო ის, რომ გაიზარდა ადამიანების მიერ მოხმარებაზე გაწეული ხარჯები მაშინ, როდესაც არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ასევე ყურადსაღებია სკოლაში დასწრების მაჩვენებელი, რომელიც გაიზარდა, თუმცა კვლავ დიდი განსხვავება რჩება ღარიბ და მდიდარ ოჯახებს შორის, ანუ ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს უფრო ნაკლები შანსი აქვთ ჩართულები იყვნენ საგანმანათლებლო პროცესში და იყენებდნენ სერვისებს, ვიდრე მდიდარი ოჯახის ბავშვები. ეს საყურადღებო უთანასწორობაა”, - განაცხადა მაია ქურციკიძემ.

მისი თქმით, ეს კვლევა საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ შეიმუშაოს სწორი პოლიტიკა და სწორი მექანიზმები, რომელიც სიღარიბის შემცირებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია ვისაუბროთ ქვეყნის პროგრესზე, თუ არ იქნა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებული“, - აღნიშნა ქურციკიძემ.