საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა მატულობს

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს აეროპორტებიდან 1425 რეისი განხორციელდა, მათ შორის: თბილისის აეროპორტიდან - 1119, ქუთაისიდან - 159, ბათუმიდან -147. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული თვის განმავლობაში გაფრენილი და მოფრენილი მგზავრების რიცხვმა ერთად შეადგინა 263 386. ზაფხულის თვეებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 350 000-ს უტოლდება.

საშუალოდ, ყოველწლიურად საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 20%-ით იზრდება.

"ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ტენდენცია არ იცვლება იმიტომ, რომ სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ესენია თურქეთი და ეგვიპტზე. ასევე, გამარტივებულია ვიზის მიღება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და ესეც საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა ტურისტული მიზნებით მოგზაურობისთვის," - განმარტავს "ქორალ თრეველის" მარკეტინგის მენეჯერი ნინო ხორცილავა.

"ვიზეარის" შემოსვლამ პოპულარული მიმართულებების ტენდენცია მეტ-ნაკლებად შეცვალა, მაგრამ საერთო სურათზე დიდი გავლენა არ ჰქონია. რადგან ევროპის ქვეყნებში სამოგზაურო ვიზის მიღების წესები არ გამარტივებულა," - დაამატა მან.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია: მოსკოვი, თელავივი, სტამბული, შარჟა (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), დუბაი და კიევი. განსაკუთრებით აღსანიშნავია შარჟა, სადაც საქართველოდან წასული მოგზაურების რაოდენობა 2016 წელს წინა წელთან შედარებით 137%-ით გაიზარდა.

სააგენტოს განცხადებით, საქართველოს აეროპორტები და მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება მუდმივად დახვეწისა და განვითარების პროცესშია. თუმცა Allnews.ge-ის მიერ გამოკითხულ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ფრენების ღამის საათებში არსებობასა და იაფფასიანი რესიების მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებაზე ჩივის.

"ფრენების ღამის საათებში განხორციელებას ორი მიზეზი აქვს. აეროპორტის მომსახურება ავიაკომპანიებისთვის ღამის საათებში უფრო იაფია და შესაბამისად, ისინიც უფრო იაფად სთავაზობენ მომხმარებელს ბილეთებს. მეორე საკითხი ეხება გადაჯდომებს. კარგი შუალედი გამოდის საქართველოდან ღამით გამავალ და ყველა იმ რეისს შორის, რომელიც შემდგომში არის აწყობილი სტამბულიდან, მიუნხენიდან, ვარშავიდან და სხვა ქალაქებიდან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსული ავიაკომპანიები ფრენას დღის საათებში ახორციელებს. ფასშიც არ არის სხვაობა. თუმცა ხშირად, როცა ჩემი კლიენტები არჩევანს აკეთებენ, მაინც ღამის რეისს ირჩევენ, რადგან ევროპაში მთელი დღის დაკარგვა მეორე რეისის ლოდინში არ უნდათ," - განმარტავს სკყ-ს დირექტორი ელა კარაპეტიანი.

ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც ადასტურებს.

"აღსანიშნავია, რომ ამჟამად თბილისის აეროპორტიდან შესრულებული ფრენების და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 52% მოდის 00.00 დან 06.00 საათამდე განხორციელებულ რეისებზე. ყველა ევროპული ავიაკომპანია ორი მიზეზის გამო ოპერირებს საქართველოში ღამის საათებში: 1. ევროპის ძირითადი, მაგრამ არა ყველა აეროპორტი დაკეტილია 00.00 დან 06.00 საათამდე. 2. ფრენის დაგეგმვისას გათვალისწინებულია საქართველოდან მიმავალი მგზავრების გადანაწილების ყველაზე ხელსაყრელი დროები ევროპიდან სხვა მიმართულებებით დამაკავშირებელ ფრენებზე. იხილეთ გაგრძელება