გაძვირდება თუ არა მიკროავტობუსით მგზავრობა?

"არსებობს რისკი, რომ მიკროავტობუსით მგზავრობა ქალაქში გაძვირდეს", - აცხადებს "ამბები.გე" -სთან ინტერვიუში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი. მესხიშვილი ამ ფაქტს მძღოლების გაზრდილი ხარჯებით ხსნის.

"თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებს კომპანიასთან არ აქვთ დალაგებული ურთიერთობა და შესაბამისად აქვთ მუდმივი შიში, რომ შესატან თანხას გაუზრდიან, რის ფონზეც არსებობს რისკი, რომ მიკროავტობუსით მგზავრობა ქალაქში გაძვირდეს. ამასთან, მიკროავტობუსების ასაკმაც მოიმატა, უფრო ხშირად სჭირდებათ სარემონტო სამუშაოები, რის ხარჯებსაც თავად მძღოლი სწევს. რაც უფრო ძველია, უფრო ხშირად უწევს თანხის გადახდა, რადგან სარემონტო და შესაკეთებელია. ამიტომ მძღოლები თბილისის მიკროავტობუსის შემთხვევაში დიდი წნეხის ქვეშ არიან, მათ შემოსავალი ყოველდღიურად უმცირდებათ", - აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი.