საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი „ფარმადეპოს“ ყიდულობს

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა.

მათი ცნობით, შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა და ახლა საჭიროა, რომ დასტური კონკურენციის სააგენტოსგანაც მიიღონ.

გარიგების დასრულება 2017 წლის იანვარში იგეგმება.

ჯანდაცვის ჯგუფი „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ (GPC) სააფთიაქო ქსელის გაერთიანებას გეგმავს, რომლის შედეგადაც ახალი კომპანია - JSC Georgian Pharmacy (GEPHA) შეიქმნება.

ახალ კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი იქნება, ხოლო 33%-იანი წილი „ფარმადეპოს“ მთავარი აქციონერების - მიხეილ აბრამიძისა და ენრიკო ბერიძის საკუთრებაში დარჩება.

ჯანდაცვის ჰოლდინგი „ფარმადეპოს“ 25 მილიონ დოლარად ყიდულობს. გარიგების მიხედვით, ამ თანხის გადახდა 5 წლის განმავლობაში მოხდება.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.