iPhone+-ის ინფორმაციით, მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს ქონება იპოთეკით iTechnic-ის სასარგებლოდ ჰქონდა დატვირთული

iPhone+-ის ინფორმაციით, მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს ქონება იპოთეკით iTechnic-ის სასარგებლოდ ჰქონდა დატვირთული. როგორც  "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია iPhone+-დან აცნობეს, „საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ჩანს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერიან ცერცვაძის და მამის, მურთაზ ცერცვაძის ქონება ჩადებულია ბანკში "აიტექნიკის" სასარგებლოდ.

მათივე განცხადებით, აღნიშნული კიდევ ერთი არგუმენტია და ადასტურებს, რომ "აიტექნიკის" რეალური მფლობელი მოსამართლე ცერცვაძეა“.

როგორც iPhone+-ში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ iTechnic-ის საახალწლო კლიპში გამოყენებულია სასამართლოს ბალანსზე მყოფი ავტომანქანა - სახელმწიფო ნომრით GLL-101. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილ ავტომანქანას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე იყენებდა.

"ჩვენ წარმოვადგინეთ ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ "აიტექნიკი" მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს ეკუთვნის. დავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მათი აზრით, "აიფონ პლუსის" მიერ iTechnic-ის ფეისბუკ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმაა, რაც სრული აბსურდია. facebook-ის მიერ iTechnic-ისთვის მიწერილ წერილშიც, საუბარია, რომ მათი გვერდის გაუქმების მიზეზი იყო "აიტექნიკის" მიერ Apple-ის სამარკო ნიშნების უნებართვო გამოყენება. როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა iTechnic-თან ვალერიან ცერცვაძის კავშირები და ეს ინფორმაცია გავასაჯაროეთ, მან რამდენიმე კვირაში მიმართა სასამართლოს და ჩვენს ანგარიშებზე დადებული ყადაღის 370 000 ლარამდე შემცირება მოითხოვა. ამასთან, მოსამართლეს საკუთარი კომპანიის ანგარიშზეც 50 000 ლარის ყადაღა დაადებინა. მიუხედავად ამისა, დავის საბოლოო ინსტანციაში დასრულებამდე 1 600 000 ლარის ყადაღა "აიფონ პლუსის" ანგარიშებზე ისევ შენარჩუნებულია", - ნათქვამია iPhone+-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

iPhone+-ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, მის პირად უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა და იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.