სოციალური მომსახურების სააგენტო ISSA-ის წევრია

სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ბიურომ, 113-ე სხდომაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ასოციაციაში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირა მხარი. როგორც სააგენტოდან იუწყებიან, სოციალური დაცვის საერთაშირისო ასოციაცია (ISSA) სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტია, ის 1927 წელს დაფუძნდა და ამჟამად, 156 ქვეყნის 322 სოციალური დაცვის სააგენტოსა და ორგანიზაციას აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია წევრებისთვის უზრუნველყოფს ინფორმაციის, ექსპერტული ცოდნის, ბიზნეს სტანდარტების, პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და პლატფორმების ხელმისაწვდომობას.

ორგანიზაციის მიზანია, დინამიური და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში.

”სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის წევრობა სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებას მისცემს შეუზღუდავად გამოიყენოს ამ საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება, მიიღოს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნოს და დანერგოს ინოვაციები სოციალური დაცვის ადმინისტრირების სფეროში”, - აცხადებენ სააგენტოში.

ასოციაციის ბიუროს სხდომა სოციალური დაცვის მსოფლიო ფორუმის პარალელურად ჩატარდა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ ღონისძიების მსვლელობისას შეხვედრები გამართა სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანთან, ჰანს-ჰორსტ კონკოლევსკისთან და ასოციაციის საპატიო პრეზიდენტთან, ჯონ ვერსტრატენთან.

”შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს ასოციაციასა და სააგენტოს შორის აქტიური თანამშრომლობის საკითხები.

დაიგეგმა პირველი ერთობლივი ღონისძიებაც. ასოციაციის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ტექნიკური კომისიის სხდომა 2017 წლის აპრილში თბილისში ჩატარდება.

შეხვედრისას გენერალურმა მდივანმა და საპატიო პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, დაუდასტურეს სააგენტოს ხელმძღვანელს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის”, - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.