რა ქონებით მოდის ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე?

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ცვლილებები ძირითადად ეკონომიკურ გუნდს შეეხო. ერთ-ერთი ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს.

ცნობისთვის, ალავიძე, რომელიც მთავრობის ახალი შემადგენლობის ერთ-ერთი ახალი სახეა, ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

2016 წლის 1 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული თუ რა შემოსავალი ჰქონდა ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე.

დეკლარაციის მიხედვით, ალავიძე უძრავი ქონების სახით, ფლობს თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე მდებარე 133 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; ამავე მისამართზე მდებარე 12.50 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე 83.08 კვ. მეტრი ფართობის ბინას; ამავე მისამართზე 93.14 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; ასევე ყაზბეგის გამზირზე მდებარე 9.22 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; თბილისში ნუცუბიძეზე მდებარე 27 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს და აკაკი წერეთლის გამზირზე 1353.50 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.

მისი მეუღლის, ნინო ჟღენტის საკუთრებაში კი ბაკურიანში მდებარე 71.40 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მეუღლის სახელზე თბილისში, გოგებაშვილის შესახვევსა და ვარკეთილში 270.80 და 282.56 კვ. მეტრი ფართობის ბინები და 938 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთია, რომელიც მუხრანში მდებარეობს.

ასევე ალავიძის მეუღლეს ნინო ჟღენტს ეკუთვნის Toyta Prado-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი.

დეკლარაციის შევსების დროს ინფრასტრუქტურის მომავალ მინისტრს „ვი-თი-ბი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 4 დოლარი და 9 805 ლარი; ანაბარზე - 8 000 დოლარი; დეპოზიტზე ჯამში - 75 000 დოლარი და 146 000 ლარი ჰქონდა.

მეუღლეს, ნინო ჟღენტს კი „თიბისი“ ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 749 ლარი; „ვი-თი-ბი“ ბანკში კი მიმდინარე ანგარიშზე 549 ლარი; დეპოზიტზე 10 000 დოლარი და საკრედიტო ანგარიშზე 148 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა.

გარდა ამისა, 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ალავიძეს ფულადი თანხის სახით 10 000 ევრო და 6 000 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ზურაბ ალავიძემ სს „დარიალი ენერჯის“ დირექტორის თანამდებობაზე შემოსავლის სახით 197 414 ლარი მიიღო; დეკლარაციის შევსებისას ალავიძე ასევე შპს „ქარავან თბილისის“ პარტნიორიც იყო, თუმცა გასულ წელს ამ საწარმოს საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.

მისი მეუღლე, ნინო ჟღენტი კი შპს „მეგობრობა-ლენდისა“ და შპს „ზებრა ქიდს“ პარტნიორადაა რეგისტრირებული, თუმცა, არცერთ საწარმოში შემოსავალი არ მიუღია. ხოლო შპს „გურამ თავართქილაძის სასწავლო ცენტრის“ პარტნიორის საქმიანობით მიღებული შემოსავალი 49 400 ლარი იყო.

ნინო ჟღენტის სახელზეა რეგისტრირებული ნარდობის ხელშეკრულება 30 515 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 30 515 ლარის შემოსავალი მიიღო.

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის ზურაბ ალავიძის სახელზე კი 68 980 ლარის ღირებულების ქირავნობის ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომლითაც მან 68 980 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

თაია არდოტელი