ხალხი ვეღარც უძრავ ქონებას ყიდულობს და ვეღარც მანქანებს

ხალხი მსხვილ შენაძენს ვეღარ აკეთებს. სავალუტო კრიზისმა და შესაბამისად, მსყიდველუუნარობამ ქვეყნის უძრავ-მოძრავ ბაზარს საგრძნობი ზარალი მიაყენა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თვიდან თვემდე იკლებს უძრავი ქონებისა და ავტომობილების რეალიზაცია. როგორც აღმოჩნდა, ორივე მიმართულებით ფასი 15%-ითაა შემცირებული, ხოლო გაყიდვის მოცულობა განახევრდა.

შეიცვალა ტენდენცია და ხალხს მეორადი ბინების შეძენა უკვე ნაკლებად სურს. მაკლერების და დილერების ინფორმაციით, ინტერესი, ძირითადად, ახალაშენებულ კორპუსებზეა, თუმცა რეალიზაცია მთელი თბილისის მასშტაბით შემცირებულია. საბაზრო ცვლილებები სამომავლოდ ფასს კიდევ უფრო დასწევს.

უძრავი ქონების სააგენტოების მფლობელები საუბრობენ სხვადასხვა მიზეზზე, რამაც ბინებზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა. პირველ რიგში, ეს სავალუტო კრიზისს უკავშირდება. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გართულებამ უძრავი ქონების ბაზარი პრობლემის წინაშე დააყენა.

კომპანია "ბერუკას" დირექტორის ავთანდილ გუგეშაშვილის თქმით, სადაც კი რამე იყიდება, ეს ახალაშენებულ კორპუსებში მცირე ფართებია და მსხვილ შენაძენს ყველა გაურბის და არ აქვს ამის საშუალება.

"ტენდენცია აშკარად უარესობისკენაა. მიუხედავად იმისა, რომ ბინები 10-15%-ით გაიაფდა, რეალიზაცია მკვეთრად არის შემცირებული. რამდენიმე თვის წინ, გნებავთ, ერთი წლის წინათაც ვამბობდით, რომ გაყიდვა განახევრდა, ახლა ბინა აქა-იქ იყიდება, ისიც, ალბათ, უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით. ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, როგორი ხელფასიც უნდა ჰქონდეს, დოლარში მსხვილ შენაძენს ვერ აკეთებს.

მომხმარებლის დამოკიდებულება შეიცვალა და მეორად ბინებს უკვე აღარც კითხულობენ, ყველა ახალაშენებულ სახლში ცდილობს ფართის ყიდვას. საფასო ცვლილება ამ სეგმენტსაც შეეხო, მაგრამ გაყიდვა მაინც გვიჭირს", - ამბობს ავთანდილ გუგეშაშვილი.

უიმედო სურათს ხატავენ მაკლერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ზედიზედ რამდენიმე თვეა, ბინებს ვერ ყიდიან. სააგენტო "ჯეოფლათის" წარმომადგენელი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად იაფფასიან ბინებზე შენარჩუნდა და იგი, ძირითადად, გარეუბნებში იყიდება.

"გასაყიდი ბინა ბევრია, მაგრამ არ გვყავს რეალური მყიდველი. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ზოგჯერ მთელი თვე ისე გავა, 2 ბინის გაყიდვას ძლივს ვახერხებთ. ზოგიერთი სახლი თვეობით არის გაყიდვაში. ასეთი მდგომარეობა ბაზრისთვის ძალიან ცუდია.

ვისაც ეჩქარება, ფასს აკლებს, მაგრამ ბინის მფლობელების უმეტესობა ასეთ დათმობაზე არ მოდის. მყიდველიც უფრო პრეტენზიულია, ახალ სახლებში ცდილობენ ფართის ყიდვას ან მყარად ნაშენ კორპუსებში, როგორიცაა "ჩეხური", "ყავლაშვილი", "იუგოსლავიური" და რამდენიმე სხვა პროექტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენდა. პარალელურად, შემცირდა მოთხოვნა "ქალაქური", "მოსკოვის", "კიევის" და რამდენიმე სხვა პროექტის ბინებზე, რომლებიც წინა საუკუნეშია აშენებული, მაგრამ დიდი მოწონებით არც მაშინ გამოირჩეოდა. ბოლო დროს მან მიმზიდველობა კიდევ უფრო დაკარგა", - ამბობს გიო გამყრელიძე, სააგენტო "ჯეოფლათის" წარმომადგენელი.

როგორც აღმოჩნდა, უჭირთ ავტომობილების იმპორტიორებსაც, რომელთა ინფორმაციით, ფასმა 15%-ით იკლო, ხოლო რეალიზაცია მინიმუმამდე დავიდა.

პრობლემას აქაც ლარის კურსს უკავშირებენ, თუმცა საავტომობილო ბიზნესს აქვს სხვა გასაჭირიც, რაც თავის დროზე მეზობელ ქვეყნები რეექსპორტის შეზღუდვამ გამოიწვია. ამ შედეგის უარყოფით გავლენას ქართული საავტომობილო ბაზარი დღესაც განიცდის.

კომპანია "რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ლარის კურსის გამო მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შესუსტებულია.

"კურსის მკვეთრი ცვლილება გაყიდვას ყოველთვის საფრთხეს უქმნის. გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ საწვავის ფასის სტაბილურობამ ავტობიზნესი კატასტროფას გადაარჩინა, მიუხედავად ამისა, რეალიზაცია მკვეთრად არის შემცირებული. ფასმაც დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში იკლო. 8500-9000 დოლარად ღირებულ მანქანებს 7000-7500 დოლარად ვყიდით, ისიც მიზერული რაოდნეობით. საერთოდ მძიმე მდგომარეობა იყო და სავალუტო კრიზისის გამო კიდევ უფრო დამძიმდა.

შესაძლოა, წინასაახალწლოდ ცოტა სტიმული მიეცეს მომხმარებელს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მოკლე პერიოდის ეფექტი. ვფიქრობ, თებერვალ-მარტამდე მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება და კვლავ ერთი ადგილის ტკეპნა მოგვიწევს", - აცხადებს ჯამაგიძე.

იმპორტიორთა ინფორმაციით, ფაქტობრივად, ყველა მოდელის მანქანის რეალიზაცია ჭირს, განსაკუთრებით კი, ძვირადღირებულის, რადგან ამ სეგმენტში გაყიდვა კატასტროფულად არის შემცირებული.

"ისეთი ვითარებაა, თითქოს რაღაც სტანდარტიდან ამოვვარდით, ახალზე გადასვლას კი ჯერ ვერ ვახერხებთ. უმართავი გახდა ფასიც, ჩვენი პროგნოზით, ახალი ავტომობილები გაძვირდებოდა, ხოლო ძველის ფასი რადიკალურად დაეცემოდა, რაც არ გამართლდა. ახალი მანქანების ჩამოყვანა სიძვირის გამო რთულია.

ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ასეთი ავტომობილის ღირებულება იმდენად დიდია, რომ რეალიზაციას ვერ ვახერხებთ. ძველის შემოყვანას კი აზრი არ აქვს, აზერბაიჯანში ის ვერ გაიყიდება და აქაც კი კარგავს ინტერესს.

გვეგონა ისიც, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შეზღუდვა ევროპიდან და ამერიკიდან იმპორტს წაახალისებდა, მაგრამ აქაც შევცდით. წესით, შეზღუდვა ძალაში რამდენიმე თვეში უნდა შევიდეს, მაგრამ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი არ შემცირებულა.

ბაზარზე კრიზისია. ამდენი გაუყიდავი ავტომობილი ერთად თავმოყრილი არ გვახსოვს. ამაზე მეტად ვეღარ ვაიაფებთ, ფასს თვითღირებულებაზე დაბლა ვერ დავწევთ, ხოლო გაძვირებაზე საუბარი წარმოუდგენელია. არაპროგნოზირებად სიტუაციაში ვართ", - ამბობს ავტომიპორტიორი ირაკლი გვალია.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"