„სოფლის განვითარების სტრატეგია გულისხმობს სოფლად მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას"

თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდე ინნ“-ში კონფერენცია - „ევროკავშირის LEADER და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიდგომის გაზიარება საქართველოში“ მიმდინარეობს. კონფერენცია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) დაფინანსებით, ევროპის ,,LEADER“ მიდგომის საქართველოში განმახორციელებელი ორგანიზაციების -„ადამიანი გაჭირვებაში“, „ქეა“ და მერსი ქორფსი“ კონსორციუმის სახელით მიმდინარეობს.

ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ ევროპული მიდგომების საქართველოში, კერძოდ, ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ბორჯომში დანერგვის პირველი 17 თვის შედეგებს. ასევე თანამშრომლობის საკითხებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფებსა და თვითმმართველობასა თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან და გამოცდილების გაზიარებას ახლად შერჩეულ ორგანიზაციებთან, რომლებიც LEADER მიდგომის დანერგვას მომდევნო თვეებში დაიწყებენ.

კონფერენცია ორგანიზებულია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში ხორცილდება 2013 წლიდან. პროგრამის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მეშვეობით. პროგრამა მხარს უჭერს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ სამიზნე თემებთან.

ღონისძიებას ესწრებიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სამიზნე მუნიციპალიტეტების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაერო-ს განვითარების პროგრამის, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

როგორც სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჯუბა მარუაშვილმა განაცხადა, ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ბორჯომში 17 თვის მანძილზე სამი ძირითადი კომპონენტი შესრულდა, რომელიც სოფლის განვითარების წარმატებით განსაზღვრას გულისხმობს.

„კერძოდ, მოხდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ჩამოყალიბება მუნიციპალიტეტებში, ასევე შემუშავებულია მუნიციპალური განვითარების სტრატეგიები, რომელიც სამომავლო განვითარების საკამოდ ფართო ხედვას მოიცავს. ამასთან, უკვე დაფინანსებულია ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური ინიციატივები, რომელთა მხარდაჭერა მოხდა იმ სტრატეგიული მიმართულებიდან გამომდინარე, რაც მუნიციპალური განვითარების დოკუმენტში იქნა იდენტიფიცირებული. ლაგოდეხის მაგალითზე გეტყვით, რომ დაფინანსდა პროექტები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, გენდერული საკითხები, გარემოს დაცვითი საკითხები, ინფრასტრუქტურული მიმართულებები. გარდა ამისა, გაკეთდება სათემო ცენტრი, რომელიც ორ სოფელს მოემსახურება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპილოტე პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა მარუაშვილმა და დასძინა, რომ ეს არ არის მხოლოდ 2 წლიანი ციკლი და ეს გაგრძელდება.

ევროკავშირის განვითარების პროგრამების ხელმძღვანელის კაიდო სირელის თქმით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოში 3 საპილოტე პროექტი მიმდინარეობს და ამავდროულად, ხდება სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ერთგვარი საფუძველი გახდება სოფლის განვითარებისთვის ქვეყანაში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებზე, რომელიც დასკვნით ფაზაშია და მისი დამტკიცება უახლოეს მომავალში მოხდება.

„სოფლის განვითარების სტრატეგია გულისხმობს სოფლად მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. სოფლის განვითარება საქართველოს ასევე ემყარება ევროკავშირის გამოცდილებას. ასოცირების შეთანხმებით თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით ევროკავშირის გამოცდილებას. ევროკავშირში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა და LEADER“-ის მიმართულება არის ერთ-ერთი დამკვიდრებული ინსტრუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილია სოფლის განვითარების პროგრამების განხორციელება ქვემოდან ზემოთ პრინციპით. თვითონ მუნიციპალიტეტები და სოფლად მცხოვრები ადამიანები ერთიანდებით ინტერესთა ჯგუფებში, საიდანაც მოდის პროექტების იდეები და შემდეგ მათი განხორციელება ხდება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.