გლდანის რაიონში 300-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს შეშა გადაეცა

გლდანის რაიონში 300-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს შეშა გადაეცა.როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან, ამინდის გაუარესებასთან ერთად, გლდანის რაიონში სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამგებლის მოადგილე ზურაბ ქაშიაშვილი დღეს 30-მდე ოჯახში შეშის მიტანის პროცესს დაესწრო.

„ქალაქში ტემპერატურამ უკვე საგრძნობლად იკლო. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ შეშა მოსახლეობას მაქსიმალურად ოპერატიულად მივუტანოთ. შეშის დარიგება მომართვიანობის საფუძველზე მიმდინარეობს. ამ დრომდე უკვე 300-მდე ოჯახს დავეხმარეთ და პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ზურაბ ქაშიაშვილმა.

რაიონის მასშტაბით, გლდანში, მუხიანსა და ავჭალაში შეშა უკვე 300-მდე ოჯახს მიუტანეს. თვის ბოლოსთვის შეშით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა 500-ზე მეტი იქნება.