"ბიუჯეტს ვგეგმავთ 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაყრდნობით, მაგრამ სავარაუდოდ, უფრო მეტი ზრდა გვექნება"

ჩვენ ბიუჯეტს ვგეგმავთ 4% -იან ეკონომიკურ ზრდაზე დაყრდნობით, მაგრამ სავარაუდოდ, უფრო მეტი ზრდა გვექნება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიუჯეტის ზრდასა და ინფრასტრუქრუტულ პროექტებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის ეკონომიკური ზრდა რომელიც დღეს საქართველოს აქვს, არის რეგიონში სიტუაციის შესაბამისი. კვირიკაშვილმა 2004-2012 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის მონაცემებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ საქართველოს ზრდა იყო რეგიონში ყველაზე დაბალი.

”ის ზრდა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის რეგიონში სიტუაციის შესაბამისი. რაც შეეხება იმას რომ მომავალ წელს მოხდება ერთპროცენტიანი დაკორექტირება ქვედა მიმართულებით, ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ სავალუტო ფონდი თავის დაგეგმარებაში უფრო კონსერვატორია. ჩვენ ბიუჯეტს ვგეგმავთ 4%-იან ზრდაზე დაყრდნობით, მაგრამ სავარაუდოდ უფრო მეტი ზრდა გვექნება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პროგრამაში გვიწერია, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იქნება ჯანსაღი, რათა არ გაუარესდეს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი, თუმცა ჩვენ დამატებითი ვალის აღება მოგვიწევს, რათა ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს.

რაც შეეხება შარშან წარმოდგენილ გეგმას - ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა.

წინა პერიოდში 2004-2012 წლების პერიოდში როდესაც საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოში იყო 6.2 პროცენტი, მეზობელ ქვეყანაში უფრო მაღალი საშუალო ზრდა იყო. ეს სავალუტო ფონდის მონაცემებია.

მომავლის გეგმებში არაფერი არარეალისტური არ არის. ამ პერიოდში უფრო მეტის დახარჯვა ინფრასტრუქტურის კუთხით მოგვიწევს და ნაკლების ადმინისტრაციულ ხარჯებზე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.