”ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ვერ მივიღეთ დაფინანსება საერთაშორისო ინსტიტუტებისგან”

დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ დაფინანსება საერთაშორისო ინსტიტუტებისგან , - აღნიშნული განცხადება და შესაბამისი განმარტებები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

”ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას. სავალუტო ფონდთან ”გაიჭიმა” მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ და რომელიც ამ ბოლო პერიოდში უკვე პოზიტიურია. ვფიქრობთ, რომ დადებითად მოხდება შეთანხმება მომავალ მაჩვენებლებთან და აღდგება სავალუტო ფონდთან ის ნორმალური ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინსტიტუციებიდან დაფინანსების მოზიდვისათვის. ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ეკონომიკურ გამოწვევაზე პასუხი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში იქნება ასახული.

”როდესაც ეკონომიკა განიცდის შოკს, ამ შოკს შედეგი მოჰყვება. ერთ-ერთი არის ის, რომ ამ დროს ბიუჯეტის დეფიციტი ყოველთვის იზრდება, რადგან არსებობს ის აუცილებლი ხარჯები, რომელიც უნდა დაფინანსდეს. მოკლე პერიოდში ფისკალური პასუხი ამ შოკებზე ყოველთვის არ არის რეალისტური. ამიტომ ის პასუხი, რასაც თქვენ ითხოვთ და რომელიც აბსოლუტურად ადეკვატურია, იქნება 2017 წლის ბიუჯეტში. მას თქვენ იხილავთ და ეს იქნება პასუხი გამოწვევაზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს”, - მიმართა უმცირესობის წევრებს გიორგი კვირიკაშვილმა.