აჭარის მაღალმთიანეთში კიდევ ერთი ახალი ბაღი ექსპლუატაციაში შევიდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს შუახევის სოფელ ჭვანას ახლად რეაბილიტირებული ბაღის გახსნას დაესწრო. როგორც  აჭარის მთავრობიდან იუწყებიან, პატარაძემ ადგილობრივებს აჭარის მაღალმთიანეთში კიდევ ერთი ახალი ბაღის ექსპლუატაციაში შესვლა მიულოცა.

”ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა. გამგეობის გადაწყვეტილებით გარემონტდა ნაგებობის მეორე სართული, სადაც განთავსდა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და ადმინისტრაცია, კეთილმოეწყო ეზო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. 30 აღსაზრდელზე გათვლილ სააღმზრდელო დაწესებულებაში განლაგდა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა და საბავშვო ლიტერატურა. სამუშაოებზე 117.000 ლარი დაიხარჯა.

საბავშვო ბაღში დასაქმებულია 10 ადგილობრივი. შუახევის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. სულ აჭარაში 2016 წელს 21 ბაღი აშენდა, 9 ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, 13 კი რეაბილიტირებულია”, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.