ოთარ დანელია - ლარის კურსი არის დღევანდელი ხელისუფლების გამოწვევა და რა თქმა უნდა, ამ გამოწვევას თავი უნდა გაართვას

ლარის კურსი არის გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების და რა თქმა უნდა, თავი უნდა გაართვას ამ გამოწვევას , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ პარლამენტში განაცხადა. დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.

„ჩვენ განახლებულ გუნდს განახლებული პროგრამით, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ. ჩვენ იმიტომაც ვართ უმრავლესობა, რომ მხარი დავუჭიროთ და ეს იყოს ის გუნდი, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება სათავეში. რაც შეეხება ლარის კურსს, ამ თემაზე ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ეს არის კომპლექსური საკითხი, ეს არის გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების და რა თქმა უნდა, თავი უნდა გაართვას ამ გამოწვევას. ჩვენ მოვისმენთ განახლებულ პროგრამას კიდევ ერთხელ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან წარმატებული მომდევნო 4 წელი იქნება“, - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, ძალიან კონკრეტულია ის პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარადგინა. „ეს გახლავთ 4-პუნქტიანი გეგმა, ეს არის დასაქმება, რომელსაც თითოეული ადამიანი იგრძნობს თავის თავზე. ეს არის ახალი საწარმოები და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა დანელიამ.