გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას პირველი კრიზისი თებერვალ-მარტში დაეწყება

ხელისუფლებას პირველი კრიზისი თებერვალ-მარტში დაეწყება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას, ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა. „ჩვენ უკვე ვართ პანიკის ზღვარზე. შესაბამისად, სუბიექტური ფაქტორები რომ არ გაჩნდეს, გარდა ობიექტურისა და ზვავის სახე არ მიიღოს ამ ყველაფერმა, მათ მოუწევთ ინტერვენციები, ბანკებთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდი მოთხოვნის შეზღუდვა მოხდეს. როგორმე მიაგორებენ 15 დეკემბრამდე. 15 დეკემბრის შემდეგ ჩვენ ყველა ვიყიდით ინდაურებს და აქედან გამომდინარე, ლარის კურსს ჩვენი მუთაქიდან ამოღებული 100-100 დოლარი დაიჭერს 15 იანვრამდე, სანამ შევჭამთ ამ ინდაურებს. 15 იანვრის მერე დაიწყება პრობლემა. მე ველოდები, რომ ხელისუფლებას პირველი კრიზისი, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები, დაეწყება თებერვალ-მარტში, როდესაც სოციალური ბიუჯეტები იქნება დაცლილი და მთავარი და ყველაზე სერიოზული პრობლემები ექნებათ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების ბენეფიციარებთან. ეს ძალიან დიდი მასაა და კონსოლიდირებული პროტესტი თუ დაიწყო, ძალიან მძიმე იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ნახტომისებური გარღვევა ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა ამ პრობლემების სისტემურ გადაწყვეტას არ ითვალისწინებს.