ლეგენდარული ”ალფა რომეო” აუქციონზე გაიყიდება

ეს ის ავტომობილია, რომლითაც ფაქტობრივად, „ფერარის“ ისტორია დაიწყო. მარანელოელები რბოლებში თავიდან სწორედ „ალფა რომეოს“ ავტომობილებით ასპარეზობდნენ. ეს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იყო. „ალფა რომეო ტიპო B P3“ მათი ერთ-ერთი პირველი კვიცია, რომელსაც კოლექციონერები ყველა დროის ყველაზე მშვენიერ სარბოლო ავტომობილად მოიხსენიებენ.

„ალფა რომეომ“ მხოლოდ ცხრა ცალი მეორე სერიის „ტიპო B P3“ გამოუშვა, რომელთაგან რიგით მეორე, 1934 წელს გამოშვებული, მალე აუქციონზე გაიყიდება. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილი მას შემდეგ, რაც დიდი პრიზების რბოლების რეგლამენტში, სარბოლო ავტომობილში მექანიკოსის ადგილზე უარი თქვეს.

„ტიპო B P3“ ლეგენდარული ვიტორიო იანოს მიერაა დაპროექტებული. ის აღჭურვილია 2.9-ლიტრიანი ერთრიგა 8-ცილინდრიანი ძრავით, რომელსაც ორი მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ამ ავტომობილს დიდი პრიზის სერიის 35 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 18 მოიგო. და ეს მაშინ, როცა ევროპულ რბოლებში „ვერცხლისფერი ისრები“ (მერსედესი და აუტო უნიონი) დომინირებდნენ. ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება კი ლეგენდარულმა ტაციო ნუვოლარიმ მოიპოვა, რომელმაც ნიურბურგრინგზე 1935 წელს გამართულ გერმანიის დიდ პრიზზე, 300 000 გერმანელი მაყურებლის (მათ შორის, მესამე რაიხის რამდენიმე მაღალჩინოსანიც იყო) წინაშე, „ისრებს“ ცხვირწინ ააცალა გამარჯვება.

უკვე ათ წელზე მეტია, რაც ამ სერიის სარბოლო „ალფა რომეო“ აუქციონზე არავის გამოუტანია. „RM სოთბის“ ექსპერტების აზრით, „ალფა რომეო ტიპო B P3“ პარიზის აუქციონზე, რომელიც თებერვალში უნდა ჩატარდეს, 3.6-4.6 მილიონ ევროდ უნდა გაიყიდოს.

წყარო autobild.ge