გიორგი გახარია - ყველას გვახსოვს, როგორ აღმოჩნდა შრომითი კანონმდებლობა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კომპონენტად, რაც საკმაოდ გასაკვირი იყო

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ აღმოჩნდა შრომითი კანონმდებლობა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კომპონენტად, რაც საკმაოდ გასაკვირი იყო , - ამის შესახებ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შრომითი პირობების მონიტორინგი არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი სახელმწიფოს ფუნქციონირების, რომელიც უნდა შესრულდეს.

”ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ აღმოჩნდა შრომითი კანონმდებლობა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კომპონენტად, რაც საკმაოდ გასაკვირი იყო, თუმცა აღმოჩნდა. იქ ძირითადი საუბარი იყო შრომითი პირობების მონიტორინგის ნაწილზე, ეს ნაწილი ჩვენ შევასრულეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით იმ ნაწილს, რომ შრომითი პირობების მონიტორინგი არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი სახელმწიფოს ფუნქციონირების, რომელიც უნდა შესრულდეს განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებს. რაც შეეხება შრომითი უფლებების რეგულირებას, ვფიქრობ, რომ ამისთვის როგორც ეკონომიკურ, ისე საკანონმდებლო ნაწილში მეტი მომზადება გვჭირდება. ალბათ ლოგიკური იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ ის დრო, რასაც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების პერიოდი გვაძლევს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ”, - განაცხადა გახარიამ.