"მთავრობა საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გასხვისებას გეგმავს"

მთავრობა საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა.

„მსხვილ პრივატიზაციას რაც შეეხება, ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას. რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კოორპორაციის 25%-ის ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ. შარშან ნამდვილად არ იყო ამ კუთხით საუკეთესო დრო. ეს არის ძალიან საფრთხილო და სწორად გასაკეთებელი საკითხი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პრივატიზაციის კუთხით არსებულ პოტენციალს მთავრობა მაქსიმალურად აითვისებს. მისი თქმით, რამდენიმე მსხვილ პროექტთან დაკავშირებით ინვესტორებთან საუბარი მიმდინარეობს, ეს ეხება გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას, ვაზიანის აეროპორტის სატვირთო ჰაბად გამოყენებას, სამთო კურორტების მიმართულებით ახალი ბაზების განვითარებას გუდაურში აიშაურის პლატოზე, წყალტუბოს შემდგომი ათვისება და განვითარება და ქუთაისის აეროპორტში სატვირთო გადაზიდვების კომპონენტის გაჩენა.