აშხაბადში ტრანსპორტის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართა

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, აზიის განვითარების ბანკის მიწვევით, მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან, კონფერენცია გაერო-ს ეგიდით 26-27 ნოემბერს, თურქმენეთის ქალაქ აშხაბადში ჩატარდა. პანელის ფარგლებში, რომლის თემა იყო 21-ე საუკუნის ურბანული ტრანსპორტი და თანამედროვე ტენდენციები, ირაკლი ლექვინაძე მოხსენებით წარსდგა და ისაუბრა თბილისში სატრანსპორტო სისტემასა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე. გარდა ამისა, მერის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აზის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მომზადებული თბილისის ურბანული მობილობის სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და მწვანე ტრანსპორტის განვითარების ტენდენციები. პანელს აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბაბბანგ სუსანტონო უძღვებოდა.

„თბილისი მთავრობა აქტიურად მუშაობს დონორებთან და კერძო სექტორთან ტრანსპორტის სფეროში პროექტების განხორციელების მიმართულებით. ქალაქი ამუშავებს მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას, სადაც მნიშვნელოვანი როლი სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციას უჭირავს. ტრანსპორტის სექტორში ვმოქმედებთ თბილისის ურბანული მობილობის სტრატეგიით 2030, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. თბილისის მოსახლეობა 1,2 მლნ ადამიანია, იზრდება მოსახლეობა, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი, ავტომობილების რიცხვი, შესაბამისად, ახალ გამოწვევებზე საჭიროა ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.