კახა კალაძე - მაქსიმალურად კომფორტულ სიტუაციას ვქმნით, რათა მოხდეს ყაზახური მხარისთვის "ყაზტრანსგაზის"დაბრუნება

ჩვენ მაქსიმალურად კომფორტულ სიტუაციას ვქმნით, რათა მოხდეს კომპანია "ყაზტრანსგაზის" დაბრუნება ყაზახური მხარისთვის , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია „ყაზტრანსგაზის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არსებობს ვალების თემა და ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილებაა მისაღები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ყაზახეთის მთავრობის მხრიდან.

„ჩვენი მხრიდან, ჩვენ ყველანაირად მაქსიმალურად კომფორტულ სიტუაციას ვქმნით იმისთვის, რომ მოხდეს ამ კომპანიის დაბრუნება ყაზახური მხარისთვის. არსებობს ვალების თემა და ამ საკითხთან მიმართებაში იქნება გადაწყვეტილება მისაღები ფინანსთა სამინისტროს ანუ ქართული მხარის მხრიდან და ასევე ყაზახეთის მთავრობის მხრიდან. როდესაც ეს გადაწყვეტილება შეჯერდება და ორივე თანხვედრაში მოვა, შესაბამისად, კომპანია ყაზახურ მხარს დაუბრუნდება.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს, კომპანია "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და მიაჩნია, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად, ვეღარ მონაწილეობს.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და ყაზახები ქართული ბაზრიდან გავიდნენ. აღნიშნული ინფორმაცია მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა დაადასტურა.