IDFI – 2013 წლის 10 თვის მონაცემებით, შს მინისტრის მოადგილეებზე დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემიაა გაცემული

2013 წელს 10 თვეში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებზე გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია, - ამის შესახებ ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციაში.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი, 113 500 ლარის პრემია მიიღო ალექსანდრე ტაბატაძემ, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი.

IDFI -ის ინფორმაციის თანახმად, ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე - ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი.

2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ზვიად ჯანყარაშვილს 70 000 ლარი. ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის, ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ავთანდილ თაბუნიძეს - აგვისტოს პრემია 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს - სექტემბრის პრემია 11 250 ლარი.

IDFI -ში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები.

”კერძოდ, რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 89 828 ლარი. ამავე დროს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა მას 10 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 113 500 ლარი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

IDFI - ში მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი.

”მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.