ზაზა ხუციშვილი - ლარი 50 %-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა

ქართული ლარი 50 %-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა.

”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა შეაფასა PALITRANEWS-ის ეთერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, ”ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას”.

ზაზა ხუციშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული მანათისა და თურქული ლირას მაგალითზე, წლების მიხედვით, გრაფიკული გამოსახულებით, აღნიშნული ვალუტების მდგომარეობა წარადგინა. მისი განმარტებით, 2014 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეს 100 დოლარის შესაძენად 80 მანათი სჭირდებოდა, დღეს კი, 174 მანათი სჭირდება. თუმცა დეპუტატმა იქვე დასძინა, რომ ეს საქართველოს მოქალაქისთვის შეღავათი არ არის.

”ლარი, ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუს თემა იყო, რომლის გამო, საშინელი კრიტიკის ქარცეცხლი დამატყდა. აღარ ვითვლი, იმ შეურაცხყოფას, რომელიც იყო, მაგრამ რადგან პოლიტიკაში წავედი, უკვე თმენის ვალდებულება მაქვს და აუცილებლად მოვითმენ ყველაფერს. თუ ჩვენ შევხედავთ იმ პროდუქტებს, რომელსაც საქართველო აწარმოებს, ეს არის ქართული ხორცი, ქართული კვერცხი, ქართული კარაქი, პური და ა.შ. თუკი ესენი დოლარს მიყვებოდა, მაშინ დღეს ხორცი უნდა ღირდეს 18 ლარი, ყველი უნდა ღირდეს 18 ლარი, ანუ, 50%-იანი რომ ყოფილიყო ფასების ზრდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა ყველას მდგომარეობა. ალბათ, ბატონმა სოზარმა ის იგულისხმა, რასაც მე ვადასტურებ, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულა. პროდუქტების მეორე ნაწილია, რომლის შესაქმნელად გარკვეული ნედლეული შემოდის იმპორტზე. ის პროდუქტები, რა თქმა უნდა, გაძვირდა, მაგალითად შაქარი, ასეთი კიდევ ბევრი პროდუქტია. კიდევ ერთხელ რომ ავხსნა გასაგებად, მე მგონი, ისედაც ნათელია, 50 %-ით როგორც გაუფასურდა ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა. ის პროდუქტი, რომელიც იმპორტზე შემოდის, გაძვირდა”, - განმარტა ზაზა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესმა ძალიან დააზარალა ის ადამიანები, ვისაც სესხი აქვს დოლარში და ასევე ძალიან დააზარალა ადამიანები, ვისაც ბიზნესი აქვს აგებული იმპორტზე.

”ეს სექტორი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რაც მე ვთქვი და რაც ბატონმა სოზარმა თქვა, ჩვენ თუ კონტექსტიდან ამოვგლიჯეთ და მარტო ის მოგასმენინეთ, შეიძლება ჩათვალოთ, რომ შექმნილი სიტუაციით ბედნიერი ვართ და ვერ ვხედავთ ამ პრობლემებს, ის ამის საპირწონე არ არის. ადამიანებს არავითარი შეღავათი არ აქვთ, იმით რაც ხდება თურქეთში და აზერბაიჯანში, მაგრამ მერწმუნეთ, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს მთავრობა მოცემულ მომენტში ადეკვატურად იქცევა”, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა, რომ როდესაც ლარის კურსზე ვსაუბრობთ, მისთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც მოქალაქეებს, მასაც დოლარში აქვს გამოტანილი სესხი.

როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, როდესაც ლარის დევალვაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რეგიონში არსებული სიტუაციაც განვიხილოთ. მისივე თქმით, რომ არ მომხდარიყო ლარის დევალვაცია, იმდენად იაფი იქნებოდა თურქული, რუსული თუ უკრაინული პროდუქცია, რომ საქართველოს ბაზარზე არ დარჩებოდა ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყიდდით.