ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორც  სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

დასრულებული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.

”გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ორ ობიექტად ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთებს.

დმანისის ტერიტორიის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა, რადგან სწორედ სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთის საშუალებით შეუძლიათ ტურისტებს იმ ადგილებთან დაკავშირება.

მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის გამო, აუცილებელი გახდა არსებული გზის გაგანიერება. პროექტის ფარგლებში მოეწყო: ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მოინიშნა გზის სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 19 მილიონ 78.2 ათასი ლარი შეადგინა”, - აცხადებენ სამინისტროში.