ფინანსთა მინისტრმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები წარადგინა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები წარადგინა.ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს, ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში ხვალ დილით იქნება ხელმისაწვდომი.

„2017 წელს ჩვენ ვგეგმავთ 4%-იან ზრდას, ამავე დროს, დეფლატორი იქნება 4%. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში შეადგენს 12 მილიარდ 600 მილიონს, რაც 1 მილიარდი ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა შეადგენს 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილია 8 მილიარდ 820 მილიონ ლარზე. სხვა შემოსავლები დაგეგმილია 385 მილიონ ლარზე, გრანტები - 284 მილიონ ლარზე. სახელმწიფო ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების კლება, პრივატიზება დაგეგმილია 90 მილიონ ლარზე, ხოლო ფინანსური აქტივების კლება, სესხების დაბრუნება დაგეგმილია 85 მილიონ ლარზე. ვალდებულების ზრდა დაგეგმილია 1 მილიარდ 792 მილიონზე, საიდანაც საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დაფინანსდება 400 მილიონი, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტებით დაფინანსდება 1 მილიარდ 392 მილიონი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში შეადგენს 11 მილიარდ 415 მილიონ ლარს, რაც 2016 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელს 1 მილიარდ 270 მილიონი ლარით აღემატება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსსიშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წელთან შედარებით იზრდება რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება, რაც იმ პრიორიტეტების ასახვაა, რა პრიორიტეტებიც მთავრობას გათვალისწინებული აქვს 4-პუნქტიანი განვითარების გეგმით. „განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 144 მილიონ ლარზე მეტით და შეადგენს 1 მილიარდ 116 მილიონ ლარს; ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 253 მილიონ ლარზე მეტით და შეადგენს 3 მილიარდ 415 მილიონ ლარზე მეტს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება მნიშვნელოვნად, 275 მილიონ ლარზე მეტით და შეადგენს 370 მილიონ ლარს. აქ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თანხები არის ჩადებული ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით მიწების გამოსყიდვის მიმართულებით. ასევე, 110 მილიონ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მთის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. გარდა ამისა, შემდეგ წელს დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.