დიმიტრი ქუმსიშვილი - ე.წ. ინტერნეტსესხები პრაქტიკულად აიკრძალება

ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ე.წ. ინტერნეტსესხები პრაქტიკულად აიკრძალება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, ონლაინ სესხები ეკონომიკისთვის არაჯანსაღია, შესაბამისად, მმართველი გუნდი მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი ტიპის ბიზნესმოდელი არ უნდა მუშაობდეს. თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს არ ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

„რა თქმა უნდა, რეკლამის განთავსება ინტერნეტში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აეკრძალება, თუმცა ის ბიზნესმოდელი, რომელიც დღეს მუშაობს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები არის უსაზღვროდ მაღალი და მასში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი ალბათობა გამსესხებლის მხრიდან სესხის დაკარგვის, იქნება შეზღუდული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.