ერთ ტონა ბენზინზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება

თამბაქოზე, ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახდი იზრდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე საუბრისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აქაც გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით. „გარკვეული ნაწილი ამ ღონისძიებებისა ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება საგადასახდელო ბალანსზე. ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით შემდეგ წლებში მნიშვნელოვანი კლება გვექნება. წელს 100 მილიონ ლარზე მეტით ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ამავდროულად შემდგომ წლებში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არ გაიზრდება და ეკონომიკის შეფარდება ადმინისტრაციულ ხარჯებთნ მნიშვნელოვნად შემცირდება“, - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.