„საქნახშირმა“ ტექნიკურ გადაიარაღებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა

კომპანია „საქნახშირმა“, მეშახტეთა შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს ტექნიკურ გადაიარაღებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა.როგორც კომპანიიდან იუწყებიან, გვირაბგამყვანი კომბაინის შესაძენად კომპანიამ მილიონ ორასი ათასი გადაიხადა, რომელიც განკუთვნილია მაგარ ქანებში გვირაბების გასაყვანად, რაც გამორიცხავს ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების წარმოებას, რაც აქამდე ადამიანური რესურსის გამოყენებით ხორციელდებოდა და ყველაზე მეტ რისკს შეიცავდა, წარმოებაში მისი გამოყენება კი საგრძნობლად შეამცირებს ერთი გრძივი მეტრი გვირაბის გაყვანის ღირებულებას, წარმოება გახდება მეტად მექანიზირებული, შეამცირებს ხარჯებს, რაც პირდაპირ აისახება მოპოვებული ქვანახშირის ღირებულებაზე. შესაბამისად, ქართული ქვანახშირი გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ბაზარზე.

„გვირაბგამყვანი კომბაინის გამოყენება თითქმის 3-ჯერ, 100-120 მეტრამდე თვეში და მეტად ზრდის გვირაბის გაყვანის ტემპებს. ასევე, იზრდება მისი მდგრადობის ხარისხი, გვირაბის გარშემო არსებული სამთო მასივის ნაკლებად დაზიანების გამო, ტექნოლოგიური პროცესიდან ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების გამორიცხვით. ახალი ტექნოლოგია პრაქტიკულად ამზადებს ველს და ანახევრებს ყველაზე მძიმე და რთულ სამუშაოს. ანუ დანადგარი ასრულებს ყველა იმ ფეთქით და ბურღვით სამუშაოს, რასაც მანამდე ადამიანი ასრულებდა და აქედან გამომდინარე მეშახტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. კომპანიას მხოლოდ შახტების ტექნიკური განახლება-გადაიარაღება 3 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. საწარმომ ასევე სოლიდური თანხა დახარჯა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაწევად. „საქნახშრიმა“ შეიძინა - შვიდი ერთეული ადგილობრივი განიავების ვენტილატორი, ოთხი ერთეული საისრე ელმავლის გადამყვანი კომპლექტი, სამი კომპლექტი ელმავალი, ექვსი კომპლექტი ელმავლის ბატარეა, 18 ტონიანი ბულდოზერი, თვითმცლელი მანქანა, 80 ერთეული ნახშირმზიდი ვაგონი, ჰაერის მიმწოდებელი კომპრესორი და სხვ. ასევე მიმდინარეობს შტოლმების რეაბილიტაცია და შეძენილია 270 ტონა რელსი შახტის რკინიგზის მოსაწყობად. შეივსო სასაწყობე მეურნეობა 400 ერთეული ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, რომელსაც შახტაში მაშველის ფუნქცია აქვს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და წლის ბოლომდე, ჩინეთიდან და უკრაინიდან იგეგმება აღჭურვილობის მეორე ნაწილის შემოტანა.” - აცხადებენ „საქნახშირში“.

ტყიბულში უკვე მიმდინარეობს გადაიარაღებითი სამუშაოები, რისთვისაც „საქნახშირმა“ უკრაინელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. გვირაბგამყვანი კომბაინის მონტაჟის პარალელურად უკრაინელები ადგილობრივ კადრებსაც ამზადებენ, რის შემდეგაც ისინი თავად შეძლებენ კომბაინის ექსპლუატაციასა და მომსახურებას.