"ავტომობილების აქციზთან მიმართებით განსაკუთრებული ზეწოლა ძველ ავტომობილებზე განხორციელდება"

ყველაზე კარგ მდგომარეობაში იქნებიან 5-დან 10 წლამდე ავტომობილები, რომლებიც არის ეკოლოგიურად ნორმალური და, შესაბამისად, ამ ნაწილს მაქსიმალურად შეეწყობა ხელი , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისივე თქმით, ავტომობილების აქციზთან მიმართებით განსაკუთრებული ზეწოლა ძველ ავტომობილებზე განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული გამოწვევების პარალელურად გაიზარდა ნავთობპროდუქტების მოხმარება, რამაც გარკვეულწილად რიგი პრობლემები გამოიწვია. მისი თქმით, ახალი ავტომობილების ფასში ზრდა, 2-დან 3%-მდე დაფიქსირდება.

”მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე და გვქონდა სხვადასხვა გამოწვევა, ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მოხმარება 30%-ით გაიზარდა. ავტომობილების იმპორტი 2015 წელს გაიზარდა 21%-ით და 2016 წელსაც ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე გაივსო ქალაქი და ეს ნიშნავს იმას, რომ 30%-ით მეტი გამონაბოლქვი გვაქვს, 30%-ით მეტი საცობი გვაქვს და ა.შ

როგორც საწვავის აქციზის მიმართულებით, ასევე, ავტომობილების განბაჟების მიმართულებით, ძირითადად არის გრადაცია. გრადაციის მიხედვით, ახალი ავტომობილების ფასში სადღაც 2-დან 3%-მდე აისახება გაძვირება, თუმცა, ძირითადი ზეწოლა მოვა ძალიან ძველ ავტომობილებზე. ყველაზე კარგ მდგომარეობაში იქნებიან 5-დან 10 წლამდე ავტომობილები, რომლებიც არის ეკოლოგიურად ნორმალური და, შესაბამისად, ამ ნაწილს მაქსიმალურად შეეწყობა ხელი. თვითონ საწვავზე მენავთობეები გადათვლიან და გააკეთებენ, თუ რამდენად გაძვირდება საწვავი ქსელში. როგორც მოგახსენეთ, ტონაზე ბენზინი აქციზის მიმართულებით გაძვირდება 250 ლარით, 250 ლარით გაძვირდება დიზელზე და 120 ლარით გაძვირდება გაზგასამართი სადგურების, გაზის აქციზი”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე