რა დააშავა იმ ხალხმა, ვინც სესხი 2015 წლის შემდეგ აიღო?

”სესხების სუბსიდირება მოკლევადიან შედეგზეა გათვლილი და ის საბოლოო ჯამში ქვეყნის მაკროეკონომიკურ სურათს დადებითისკენ ნამდვილად ვერ შეცვლის.” ,- ასე გამოეხმაურა საბანკო სფეროს ექსპერტი, ვაჟა კაპანაძე მთავრობის გუშინდელ გადაწყვეტილებას.

კაპანაძე მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელების ხარჯზე, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის სესხების სუბსიდირება, არასწორია. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება დააფინანსოს მხოლოდ 2015 წლამდე აღებული სესხები, დისკრიმინაციულია. საბანკო სფეროს ექსპერტის განმარტებით, როცა დაფინანსება ხდება მოსახლეობის ხარჯზე, მინიმუმ, მიდგომა უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირი.

”დადებითი შედეგი იქნება მხოლოდ იმ კონკრეტული სეგმენტისთვის, ვისაც ეს გადაწყვეტილება პირდაპირ შეეხება და სესხები შეუმცირდება. მაგრამ, რა დააშავა იმ ხალხმა, ვინც სესხი 2015 წლის შემდეგ აიღო? კიდევ საკუთარი ჯიბიდან უნდა დააფინანსოს სხვისი საბანკო ვალდებულებები? სად ნახეს ასეთი პრაქტიკა?! მე მსგავსი პრეცენდენტის შესახებ არ მსმენია სხვა არც ერთ ქვეყანაში. ჩემი პოზიცია არის მკვეთრად უარყოფითი. ზოგადად, ეს მექანიზმი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს,”-აღნიშნავს კაპანაძე

მისივე გნმარტებით, სესხების სუბსიდირება ლარის გამყარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

”ეს ყველაფერი ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას გავს. მთავრობამ არ მიიღო არც ერთი დროული გადაწყვეტილება და ახლა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა. ცალკე თემაა, ონლაინ სესხების აკრძალვა. წარმოუდგენელია ამ საკითხზე საუბარი. როგორ აპირებს ხელისუფლება აკრძალოს აღნიშნული ბიზნეს საქმიანობა. რა მექანიზმი აქვს ამისთვის. ეს კონსტიტუციური უფლების შელახვაა და ზოგადად ბიზნეს გარემოს აზიანებს,” - აღნიშნავს კაპანაძე

ექსპერტი ონალაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მხოლოდ რეგულაციების შემოღებას და ცივილური მიდგომების დამკვიდრებას მიესალმება.

ქრისტინე გამთენაძე