გია ხუხაშვილის აზრით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს

მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში წამყვანი ემოცია არის შიში და ეს ქაოტური წინ და უკან სირბილი არის გზა, რომელსაც არსად არ მივყავართ, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმის შეფასებისას განაცხადა. გია ხუხაშვილის თქმით, მთავრობა გადასახადების გაზრდით ცდილობს ამოიღოს ის თანხა, რომელსაც რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის გაუქმებით კარგავს.

„მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივები სისტემურად პრობლემას არანაირად არ წყვეტს. ეს არის პრობლემის გადაგორების მორიგი მცდელობა, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია. იგივე იპოთეკარების პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა, როდესაც ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის შეთანხმებები მოხდება, რა კურსი იქნება იმ დროს, როდესაც ეს ინიციატივა შევა ძალაში, -20 პუნქტი იმ სოციალურ რისკებს რეალურად გადაწყვეტს თუ არა, რაც წარმოშვა ამ პრობლემამ. მეორე, არ ვიცით, ლარში გადაყვანის შემთხვევაში რა იქნება საპროცენტო განაკვეთი. ანუ, ძალიან ნედლი ინიციატივაა და კონკრეტიკა არის ცოტა. აქედან გამომდინარე, ძნელია, რაიმე დიაგნოზის დასმა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის სისტემური გადაწყვეტა და მხოლოდ პრობლემის გადაგორებას ემსახურება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, ხუხაშვილის აზრით, ეს მისასალმებელია ამ ეტაპზე, როდესაც ბევრი საეჭვო მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე, თუმცა აქციზის ზრდა აბსოლუტურად გაუგებარია.

„გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, მაღალი სოციალური რისკების დროს ადამიანები ძალიან სარიკსო გადაწყვეტილებებს იღებენ, რეგულაციების გამკაცრება ალბათ მისასალმებელია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ბევრი საეჭვო მოთამაშე გაჩნდა ამ ბაზარზე, რომლებსაც ფანტასტიკური პროცენტები აქვთ და ადამიანების სასოწარკვეთას იყენებენ მათი მდგომარეობის კიდევ უფრო დასამძიმებლად. სხვა საკითხია იგივე აქციზების ზრდა. ხელისუფლების პოლიტიკა აბსოლუტურად გაუგებარი და ძალიან წინააღმდეგობრივია. რეინვესტირების ფარგლებში მოგების გადასახადის გაუქმებას თითქოს ის მთავარი ამოცანა ჰქონდა, რომ ეკონომიკაში ჩაეტოვებინა ფული, მაგრამ აქციზების მომატებით, ფაქტობრივად, დაახლოებით იგივე თანხას უკან იღებს ეკონომიკიდან. ასე წყვეტენ საბიუჯეტო პრობლემას, ანუ მათ შეეშინდათ თავისივე ინიციატივის და იმისთვის, რომ ბიუჯეტში თანხები ამოექაჩათ, გაზარდეს გადასახადები. მაგრამ მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ინიციატივას? ერთი ხელით მისცე და მეორე ხელით წაართვა ეკონომიკას, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის შეშინებული ადამიანის ძალიან სტიქიური ქმედებები. ხელისუფლებას, ერთი მხრივ, ესმის, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის მზად, რომ სერიოზულ რეფორმაზე აიღოს პასუხისმგებლობა და ასეთი მერყევი, წინ და უკან სირბილის რეჟიმში ცდილობს, რომ რაღაც გადააგოროს ცოტა ხნით მაინც“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობის გაზრდა ფასების მომატებას გამოიწვევს.

„ენერგომატარებლები არის ეკონომიკის საბაზისო ელემენტი და შესაბამისად, ეს სერიოზულად დაატყამს სამომხმარებლო კალათას, რომელიც ისედაც უკვე ძალიან დამძიმებულია და ალბათ, სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გადაისვრის. მგზავრობის საფასურზე შეიძლება, რაღაც სუბრისდირება განახორციელონ, მაგრამ აქციზის ზრდა გამოიწვევს გაძვირებას პრაქტიკულად ყველა სეგმენტზე, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, იმიტომ რომ ტრანსპორტირება დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი სერიოზული ელემენტია, მითუმეტეს, იაფი პროდუქტის შემთხვევაში. ლოგისტიკას თვითღირებულებაში აქვს ძალიან დიდი სეგმენტი, შესაბამისად, კი ბატონო, საბიუჯეტო პრობლემას წყვეტენ, მაგრამ თუ დაფიქრებულან, როგორ აისახება ეს ყველაფერი სამომხმარებლო კალათაზე, რომელიც ისედაც ძალიან დამძიმებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და სამომხმარებლო კალათის თვითღირებულება დიდწილად ყალიბდება დოლართან მიმართებაში და არა ლართან მიმართებაში და ამას ტრანსპორტირების კომპონენტში კიდევ უფრო აძვირებენ. გათვლები, ანალიტიკა კეთდება თუ არა ხელისუფლებაში, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ერთი ეკონომიკის ექსპერტი გამოვიდა, გააჟღერა რაღაცეები და მთავრობამ მაშინვე აიტაცა და მეორე დღესვე დაიწყო დანერგვა ისე, რომ მსჯელობაც არ ჰქონია, თუ რა რისკებს უკავშირდება ეს ყველაფერი. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მათ უბრალოდ არ ჰქონდათ გეგმა და „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ პრინციპიდან ამოვიდნენ. შეიძლება პირიქით იყო [და ეკონომიკის ექსპერტმა გააჟღერა მთავრობის გეგმა], მაგრამ წაღმა იყო თუ უკუღმა, ფაქტია, რომ სპონტანურობა არის წამყვანი. ერთი მხრივ, ეკონომიკაში ფული ჩატოვო და ამაზე ილაპარაკო ამაყი სახით მოგების გადასახადის შეღავათიან რეჟიმში გადაყვანით და მეორე ხელით იგივე თანხა, თუ მეტი არა, ჯიბიდან ამოუღო ეკონომიკას - ამას ჰქვია ეკონომიკური პოლიტიკა? მე ვფიქრობ, არა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.