გოგლა ჟვანია - ონლაინ სესხები, ბუნებრივია, ასაკრძალია, არანორმალური პროცენტებია

ონლაინ სესხი ბუნებრივია ასაკრძალია, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , რითაც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ონლაინ სესხების აკრძალვასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

”ონლაინ სესხები, ბუნებრივია, ასაკრძალია, არანორმალური პროცენტებია. სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე. პირადად მე განუწყვეტლივ მომდის მესიჯები, სხვადასხვა შეთავაზებები სესხებზე. ეს არის პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონის პირდაპირი დაღვევა. მე ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ძალიან სერიოზული დანაშაულია, ამას აქვს მასობრივი სახე. როგორ ხდება ამ ორგანიზაციების მხრიდან ჩემს პირად მონაცემებზე წვდომა, მე არ ვიცი. ეს კანონიერად ვერანაირად ვერ მოხდება”, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ონლაინ სესხების შეთავაზება ძალიან მაცდურია გაჭირვებული ქვეყნისთვის.

”აკრძალვასთან ერთად უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, რომლებიც უამრავი ადამიანის პირად მონაცემებს გასცემენ. ძალიან მაცდურია გაჭირვებულ ქვეყანაში, როდესაც ადამიანებს ძალიან უჭირთ, რაღაც ლამაზი რეკლამა გაჩნდეს -”მოდი, უფასო ფულს მოგცემთ”. საქართველოში მოქალაქეების უმრავლესობას აქვს ფულის ყოველდღიური დეფიციტი, მახეში ებმებიან და დამოკიდებულები ხდებიან ამ ფინანსურ ინსტიტუტებზე. ეს საკითხი არის სერიოზულად მისახედი“, - განაცხადა ჟვანიამ.