ფოთის პორტის სანაპიროზე ბულვარის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთის პორტის სანაპიროზე ბულვარის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, სანაპირო ზოლზე სველი წერტილები და საშხაპეები მოეწყობა, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტოტალი“ ახორციელებს და იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 772 ლარით ფინანსდება.

ფოთის მერის მოადგილის, ნიკოლოზ გრიგოლიას ინფორმაციით, ქალაქში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. მისი თქმით, ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები მუდმივად აკონტროლებენ.

,,ჩვენი ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. როგორც ფოთელებს შევპირდით, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ბულვარზე დამონტაჟდა 65 გარე განათების ბოძი, ასევე, მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა. კუნძულის სანაპირო ზოლის მოწესრიგება 2017 წელსაც გაგრძელდება“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ნიკოლოზ გრიგოლიამ.

ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.