"დოლარიზაციის შემცირება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეროვნული ბანკისთვის და ქვეყნისთვის"

დოლარიზაციის შემცირება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა არჩილ მესტვირიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ქმედებები ამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში.

”ცალკე ეროვნული ბანკი აქ უძლურია. ეს არის კომპლექსური თემა. ეროვნული ბანკი, მთავრობა, ფინანსური სექტორი ერთად ვართ ამ საკითხებში ჩართული იქიდან გამომდინარე, რომ დოლარიზაციის შემცირება ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც გუშინ გაჟღერდა მთავრობასთან ერთად. ეს გეგმა 10 ძირითად მუხლს მოიცავს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი დოლარიზაციის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებისთვის. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის,რომ ეს არ არის მარტივი პრობლემა, ამის გადაჭრა სწრაფად ვერ იქნება. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას და კონცენტრაციას მოითხოვს ყველას მხრიდან და ჩვენ, ეროვნული ბანკი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებით, 100%-ით ვიქნებით ამაში ჩართული”, -განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.