სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა იმართება.როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, გამოფენა Agro/Food/Drink/Tech 2016 საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამის ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) მხარდაჭერით ტარდება. წელს საგამოფენო სივრცე ,,ექსპო ჯორჯიას“ მე-11, მე-6 პავილიონებსა და გარე პერიმეტრს მოიცავს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა წარმოადგენს საქართველოსში აგრო მიმართულების ერთადერთ მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილია სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, მიმდინარე ტენდენციები, მანქანა-დანადგარები და მომსახურება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების, ასევე გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა ბიზნესის განვითარების და ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მაღალი სტანდარტის, ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელია შესაბამისი ცოდნის, ახალ ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გარეშე. აღნიშნული გამოფენა აგრობიზნესის განვითარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მეორე წელია გამოფენაში ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები იღებენ მონაწილეობას. მისასალმებელია, რომ წელს მათი ჩართულობა უფრო მასშტაბურია. გამოფენაში მონაწილეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს, დაუკავშირდნენ კვების მრეწველობის პროფესიონალებს, ასევე მოიძიონ გასაღების ბაზრები, გაეცნონ და გაიზიარონ წარმატებული გამოცდილება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ძალიან აქტიურად ეხმარება საქართველოს როგორც ფინანსურად, ასევე თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე გამოფენის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოს დაუმა, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, Agro/Food/Drink/Tech 2016-ის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამის ENAPRD-ის მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება.

წელს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია“ მე-6 პავილიონში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 40-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საკუთარ პროდუქციას - თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, ჩაი, თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი, წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში 18 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, იტალია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, გერმანია, ლიტვა, თურქეთი და სხვა) 150-მდე კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე სასმელები და კვების პროდუქტები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, გამოფენას მცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან ესწრებიან. მათ საშუალება აქვთ მეწარმეებთან პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ, ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს გაეცნონ.

Agro/Food/Drink/Tech 2016-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.