50 ეკომიგრანტ ოჯახს საკუთრებაში ბინები გადაეცა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცეს.

როგორც დევნილთა და განსახლების სამინისტრო იუწყება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5-სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სოციალური სახლების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „მშენებელი 80-მა” განახორციელა. 50-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი სრულად კეთილმოწყობილია და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველად განხორციელდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებაზე ზრუნვა სახელმწიფომ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

„ბინა მიიღო ოჯახმა, რომელსაც სტიქიამ სახლი 1991 წელს დაუნგრია. 25 წელი გავიდა და პირველი, ვინც დაიწყო ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება. იგივე პროექტი ხორციელდება სხვადასხვა რაიონებში, მაგალითად, ქედაში წელს უკვე დამთავრდა ასეთი პროექტი, ხულოში მთავრდება და რამდენიმე თვეში 80-დე ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული განცხადებების საფუძველზე მოხდა. დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადები კომისიამ განიხილა, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდნენ.