რა რეგულაციები დაწესდება ონლაინ-სესხებზე

ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია მთავრობას მიმართავს თხოვნით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაუწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ონლაინ-სესხების გაცემა არ აიკრძალება, თუმცა ისეთი რეგულაციები დაწესდება, რომელიც ზოგიერთი ასეთი კომპანიის გაუქმებას გამოიწვევს.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, დაწესდება ზღვრული მაჩვენებელი იმ ჯარიმაზე, რაც შეიძლება მსესხებელს დაეკისროს;

"პირობითად, შეიძლება სესხის ძირის ორმაგ ოდენობაზე მეტის დაკისრება არ მოხდეს პროცენტების სახით. რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ-სესხების ნაწილის გაუქმებას, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის მქონე პირებზე მუშაობენ და იმით სარგებლობენ, რომ ეს მომხმარებლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ მათი დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, დაიხურება".

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი დაარეგულირებს, თუ რა სახელწოდება ექნებათ მომავალში ონლაინსასესხო კომპანიებს:

"რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს. ის ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აკეთებენ ბიზნესს და სწორი მენეჯმენტი აქვთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან და იქნებიან ბაზარზე. რა სახელწოდებით იქნებიან, ამას კანონი დაარეგულირებს, თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან".

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასციაცია, ონლაინ სესხების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 29 ნოემბრის ინიციატივას ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ და ამასთან დაკავშირებით ონლაინ სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ:

"ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ; მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით; ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით;

მიგვაჩნია, რომ მთავრობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს;

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არა მარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების - ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას".

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ssloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmacredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mazo.ge; mon.ge.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა:

"მე პირადად, აკრძალვების და რეგულაციების მომხრე არ ვარ, რადგან, როგორც წესი, ის, რაზეც ბაზარზე მოთხოვნილებაა, ჩრდილოვან სექტორში გადადის ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საქმე ონლაინ-სესხების აკრძალვას ეხება, მგონია, რომ ეს მთავრობის ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის, რაც ფორმალურად აიკრძალება, არაფორმალური და სხვა შედეგების მომტანი არ გახდეს.

გუნდს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს გაცნობიერებული აქვს. ეს მთავრობის ახირება, ან ვინმეს წინააღმდეგ გალაშქრება არ იყო და ამ გადაწყვეტილების უკან ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციის მიზანი დგას. ეკონომიკური გუნდი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით სიტუაციის სტაბილიზაციას მოახერხებს, რაც ყველა კომერციული ინსტიტუტის ინტერესებში შედის.

ნებისმიერი რეფორმის შედეგად, კონკრეტულ მომენტში ვიღაც ყოველთვის ზარალდება და ეს არ არის სიტუაცია, საიდანაც ისე გამოვალთ, რომ არავის არავითარი ტკივილი არ მიადგეს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ ჩვენ პრიორიტეტები უნდა გამოვყოთ. პრიორიტეტი კი, სიტუაციის სტაბილიზაციაა", - განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, ჩვენი ეკონომიკა ყოველთვის მოწყვლადი იქნება, თუ რეალური განვითარება არ მოხდა და სამომავლო გეგმები, რაც მთავრობის გუნდს გააჩნია, სწორედ რეალურ განვითარებას გულისხმობს.

"მდგომარეობა არასახარბიელოა, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. გუნდს, რომელიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, განვითარების მაღალი ტემპი ჰქონდა, მაგრამ ეს იყო გუნდი, რომელიც გარე ვალს უფრო ადვილად იღებდა, ჩვენ კი ამ საკითხს სხვანაირად ვეკიდებოდით. ეს იყო გუნდი, რომელიც სოციალური მიმართულებით თანხების ხარჯვაზე თავს მიანცდამაინც არ იკლავდა და სოფლის მეურნეობა აბსოლუტურად იგნორირებული ჰქონდა და ა. შ. ჩვენს მიერ უარი შეგნებულად ითქვა იმ მიზეზებზე, რის გამოც პროგრესი შესაძლოა, მაშინ ცოტა უფრო მეტი იყო.

გვახსოვს პრივატიზების ტენდენცია, როცა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა. ეს შემოსავალი იყო, რითაც რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ყველაფრის ხელაღებით გაყიდვა დამთავრდა. ეს მთავრობა იმდენ სესხს აღარ იღებს და პრივატიზებასთან დაკავშირებით მათ გაცილებით ფრთხილი მიდგომა აქვთ; ჯანდაცვაზე ამხელა რესურსები დაიხარჯა, სოფლის მეურნოება ფაქტიურად, შოკიდან გამოვიდა და ეს ყველაფერი ხარჯებია.

ეკონომიკა კი თანხების ყველა მიმართულებით გაშვებას ვერ იტანს. როცა თანხებს ერთი მიმართულებით უშვებ, ის მეორეს აკლდება", - განაცხადა რომან კაკულიამ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ონლაინ-სესხების კომპანიებს მიკროსაფინანსოებად ჩამოყალიბებას ურჩევს.

"პირველის პრესკლუბში" გამართულ ბრიფინგზე ბანკების ასოციაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, უფრო სოლიდურ საკრედიტო ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ.

"ვფიქრობ, თუ ეს არის სოლიდური კაპიტალით შექმნილი ორგანიზაციები, დაახლოებით, 100 ათასი დოლარია საჭირო, 250 ათას ლარამდე, რომ კვალიფიციურ-საკრედიტო ინსტიტუტად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს", - განაცხადა ცუცქირიძემ.

ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდენცია, რომელიც ამ სექტორში იყო, სამართლიანობის პრინციპს არღვევდა ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებაში, ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილებით, დაცული იქნება კლიენტებთან ურთიერთობის ეთიკის კოდექსი.

ონლაინ სესხებთან დაკავშირებით არსებულ პროექტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადეს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სესხების გაცემის იგივე მოდელი მაღალი საპროცენტო განაკვეთებით აღარ იმუშავებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა არ დააკონკრეტა, რას სთავაზობს კომპანიებს ხელისუფლება.

ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები საქართველოში 2014 წელს გამოჩნდა.

ქვეყანაში, ამ დროის მონაცემებით, 40-ზე მეტი სწრაფი სესხის გამცემი კომპანია ოპერირებს, რომელთა საქმიანობას არც სახელმწიფო და არც ეროვნული ბანკი არეგულირებს.

ნია შადური

გაზეთი "რეზონანსი"