„ხელისუფლება ლარს, ფაქტობრივად, თვითონ არ აღიარებს გადახდის, დაგროვებისა და გაცვლით საშუალებად“

„ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, რომ ეროვნულ ვალუტას ენდონ, თუმცა უმეტესობა მათგანი ლარს ლამის არც აღიარებს“.

როგორც ეკონომიკის ექსპერტის დავით ასლანიშვილის კვლევაშია ნათქვამი, მთავრობის წევრები და პარლამენტარები ეროვნულ ვალუტასთან შედარებით, მნიშვნელოვან უპირატესობას უცხოურ ვალუტას ანიჭებენ და დეპოზიტების დიდი ნაწილი დოლარში აქვთ.

„ვალუტების თანაფარდობა შედარებით დაბალანსებული აქვთ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. პარლამენტარებს დეპოზიტების დიდი ნაწილი დოლარში აქვთ და ჯამში 2,4 მილიონი დოლარი დავითვალე. კანონმდებლებს ასევე აქვთ დეპოზიტები ევროში - 700 ათასი, სტერლინგში - 166 ათასი და 5 მილიონი ლარი. რაც შეეხება პარლამენტარების სესხებს, დაახლოებით 14 მილიონი დოლარში აქვთ, 400 ათასამდე ევროში და მხოლოდ 1,4 მილიონი - ლარში.

მთავრობაში ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა. მის წევრთა უმეტესობას ლარში დეპოზიტები აქვთ მხოლოდ 380 ათასი, ევროში - 5 მილიონ ევრომდე და დოლარში - 5 მილიონ დოლარზე მეტი. 4 მილიონამდე სესხი აქვთ დოლარში, 460 ათასი - ევროში და ლარში - მხოლოდ 450 ათასი. გამოდის, ჩვენი მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების უმეტესობა კომერციული ბანკების კაბალაშია.

მეორეც, ამ მონაცემებით ჩანს, რომ ლარს, ფაქტობრივად, თვითონ არ აღიარებენ გადახდის, დაგროვებისა და გაცვლით საშუალებად, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, დოლარს ნუ შეიძენთო. დეკლარაციების უმეტესობით ირკვევა, რომ მათ ლარი დოლარზე სწორედ 2014-2015 წლებში, ლარისთვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში დაახურდავეს..,”-აღნიშნავს ასლანიშვილი.

კვლევა 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მთავრობის კაბინეტში უცხოურ ვალუტაში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს ჰქონდა დეპოზიტზე განთავსებული. მის მიერ დოლარში გახსნილ ანაბარზე 3 824 733 ირიცხებოდა, ევროში 4 909 848 და ლარში მხოლოდ 64 179.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს კი ანაბარზე 1 045 360 დოლარი ედო. გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის დეპოზიტზე - 65 072 დოლარი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს 63 000 დოლარი ირიცხებოდა.

თითქმის ყველა მინისტრს აქვს ანაბარი ეროვნულ ვალუტაში გახსნილი, თუმცა მათზე დარიცხული თანხა საკმაოდ მცირეა და უცხოურ ვალუტაში დარიცხულ თანხებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.