რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია

ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2016 წლის მარტში დაიწყო საქმიანობა. Sportall.ge დაინტერესდა ფონდის ფინანსური აღრიცხვით, რამდენი კლუბი მოხვდა ფონდის დაფინანსების პროგრამაში და რა თანხები გაიცა ამ დრომდე. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ფინანსური დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ.

დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ წელს საფეხბურთო კლუბებს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 29 მილიონ ლარზე ცოტა მეტი უკვე გადაერიცხათ, სულ კი ჯამში ფონდიდან 77 კლუბი დაფინანსდა.

ფონდის 2016 წლის პროგრამის მიხედვით, ქართულმა კლუბებმა 31 663 025 ლარი უნდა მიიღონ. 29 ნოემბრის მდგომარეობით, 77-მა ქართულმა კლუბმა 29 042 125 ლარი მიიღო. თანხის გაცემა ორ ეტაპად ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ კლუბების უმრავლესობამ კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი დაფინანსებიდან გარკვეული თანხა ფონდის ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტებისგან მიიღო, რაც შემდგომში აისახა ფონდის აღწერაში. ამ თანხამ ჯამში 5 947 744 ლარი შეადგინა. შესაბამისად, უშუალოდ ფონდიდან საერთო ჯამში კლუბებს 23 094 381 ლარი გადაერიცხათ. წლის ბოლომდე კი კლუბები დარჩენილ 2 620 899 ლარსაც მიიღებენ.

ფონდიდან ყველაზე დიდი დაფინანსება უმაღლესი ლიგის კლუბებს აქვთ. თითო კლუბის დაფინანსება 2016 წელს 1 400 000 ლარით განისაზღვრება, თუ არ ჩავთვლით ქობულეთის "შუქურას" (1 373 323) და ფოთის "კოლხეთს" (1 320 000). ხოლო თუ რატომ აქვს ამ ორ კლუბს ნაკლები დაფინანსება, ფეხბურთის განვითარების ფონდის თავჯდომარის, ზაზა დოლიძის თქმით, კლუბებს ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი ჰქონდათ და შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე მეტი აღარ სჭირდებოდათ.

"ჩვენ რომ მარტში ჩავერთეთ ამ პროგრამაში, მათ 90% ფიქსირებული ხარჯი ჰქონდათ, ფეხბურთელების კონტრაქტებიც გაფორმებული იყო, შესაბამისად, ხელფასებს ვეღარ გაუზრდიდნენ. ანუ მათი დაგეგმილი ხარჯი 800 000-ზე ნაკლები იყო", - გვეუბნება დოლიძე.

29 ნოემბრის მდგომარეობით, უმაღლესი ლიგის კლუბებმა 18 482 636 ლარი უკვე მიიღეს, 2016 წლის ბოლომდე კი 1 010 687 ლარს მიიღებენ. საბოლოო ჯამში, უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის 2016 წელს ფონდიდან გაცემული თანხა 19 493 323 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პირველი ლიგის კლუბებს, დაფინანსება აქაც არათანაბარია, რაც დოკუმენტიდან ჩანს. ჯამში, ფონდიდან პირველი ლიგის 18 კლუბისთვის წელს განკუთვნილი თანხა 8 027 341 ლარს შეადგენს. აქედან ფონდმა 7 125 858 ლარი უკვე გასცა, დარჩენილ 901 483 ლარს კი კლუბებს წლის ბოლომდე ჩაურიცხავს.

რაც შეეხება არათანაბარ დაფინანსებას, პირველ ლიგაში იგივე სიტუაციაა, რაც უმაღლესში. კლუბებს უკვე ჰქონდათ გაწერილი ხარჯები და შესაბამისად, მეტი თანხა არ დაერიცხათ.

"აქაც იგივე სიტუაციაა. მათ 300 000 იმიტომ არ ჩაერიცხათ, რომ ფიქსირებული ჰქონდათ უკვე თანხები. დამატებითი რესურსი როცა გაგვიჩნდა, რაღაც გამონაკლისები დავუშვით - ზოგმა ფორმის საყიდლად გვთხოვა თანხა, ზოგმა სხვა რამისთვის... ჩვენთან შეათანხმეს და მივეცით თანხა, მაგრამ იმ დაგეგმილი ხარჯის გაზრდის უფლება, რაც ჰქონდათ, აღარ მივეცით.

62 გუნდიდნ 59 იმაზე მეტს იღებს, ვიდრე გეგმაში ჰქონდა. სიტყვაზე, გუნდს ბიუჯეტი ჰქონდა 220 000 და მიიღო 480 000 ლარი", - განმარტავს დოლიძე.

უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს, ჯამში, ფონდმა 2016 წლის ბოლომდე პროგრამის მიხედვით 27 520 664 ლარი უნდა ჩაურიცხოს.

დოკუმენტის მიხედვით, დანარჩენ 45 კლუბს, რომელიც მეორე ლიგაში ასპარეზობს, წლის ბოლომდე 4 142 361 ლარი ეკუთვნის. აქაც, რა თქმა უნდა, თანხის გარკვეული ნაწილი კლუბებს ფონდის ამოქმედებამდე ჩაერიცხათ, ზოგს კი მთლიანი დაფინანსება უკვე მიღებული აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მეორე ლიგაში 65 გუნდი თამაშობს, თუმცა მხოლოდ 45 დაფინანსდა. დოლიძე ამ საკითხსაც განმარტავს: იხილეთ გაგრძელება