არჩილ თალაკვაძე ”ნაციონალურ მოძრაობას” - გაგიმართლათ, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში დოლარის საერთაშორისო ინდექსი დაბალი იყო

ამ პერიოდში, როცა ჩვენ ლარის კურსთან დაკავშირებით ვმსჯელობდით, ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და გვაქვს კურსის გამყარების ტენდენცია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. თალაკვაძის შეფასებით, სტაბილიზაციის ეფექტი სახეზეა.

”სტაბილიზაციის ეფექტი სახეზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების - განსაკუთრებით, მთავრობის და ეროვნული ბანკის სწრაფი, ეფექტური თანამშომლობა და მტკიცე ნაბიჯები დავინახეთ ყველამ იმ პერიოდში, როდესაც აქ ცხარე კამათი იყო. იმ ვითარების, რომელიც დღეს სავალუტო ბაზარზეა, ადმინისტრაციულ ხარჯებზე გადაბრალება, იმაზე მიუთითებს, რომ წარმოდგენა არა გაქვთ ლარის მიწოდების გავლენაზე კურსთან მიმართებაში. ლარის მიწოდებას სახელმწიფო ნორმალურად რომ არ არეგულირებდეს, დღეს ძალინ მაღალი ინფლაცია გვექნებოდა”, - განაცხადა თალაკვაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ინტეგრირებული ეკონომიკა და ის ვითარება, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკასა და რეგიონშია, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს საქართველოზე.

”თქვენ გაგიმართლათ, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში დოლარის საერთაშორისო ინდექსი იყო დაბალი. თქვენ გქონდათ საშუალება, დაბალი კურსი შეგენარჩუნებინათ. გადაამოწმეთ, ნახეთ 2015 წლის აპრილი, ნოემბერი და 2016 წლის ნოემბერი და დეკემბერი - დოლარის საერთაშორისო ინდექსი ყველაზე მაღალია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, ზუსტად აისახა ლარის კურსზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული ეკონომიკა და საქართველო იზოლირებულად ვერ იქნება განხილული. რა ვითარებაც არის რეგიონში, რა ვითარებაც არის მსოფლიო ბაზარზე და მსოფლიო ეკონომიკაში, ეს საქართველოზეც აისახება”, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობს. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერის კანდიდატურებია წარდგენილი.