ცაგერში წყალმომარაგება გაუმჯობესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ცაგერში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.როგორც  სამინისტროდან იუწყებიან, მიმდინარე სამუშაოები, კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ დაათვალიერა, ქალაქში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ვაჟა ფშაველას და წერეთლის ქუჩების 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დაგეგმილია წყლის ახალი მილების განთავსება და შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

”ამორტიზებული ქსელის შედეგად გამოწვეული ხშირი დაზიანებები იწვევდა ცაგერის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების შეწყვეტას. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს საკუთარი სახსრებით აწარმოებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ათეულობით ოჯახს წყალმომარაგების შეფერხებით გამოწვეული პრობლემები მოუგვარდება და წყალს სტაბილურად, გაუმჯობებსებული გრაფიკით მიიღებს”, - აცხადებენ სამინისტროში.