ვახტანგ მეგრელიშვილი - მთავრობამ გამოაქვეყნა თავზეხელაღებული, პოპულისტური და ეკონომიკის თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული გეგმა

ვალუტის კურსის ცვლილება ეს გახლავთ სიმპტომი დაავადების. დაავადება ეკონომიკაშია და არა მხოლოდ ფულად ერთეულში , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რა გახდა ბოლო პერიოდში ლარის კურსის არასტაბილურობის მიზეზი. მისი თქმით, მთავრობამ ბოლო დღეებში თავზეხელაღებული პოპულისტური და ეკონომიკის თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული გეგმა გამოაქვეყნა.

„ეკონომიკური პოლიტიკა ბოლო პერიოდში ნამდვილად იყო შეზღუდვებისკენ მიმართული და ეს ფონს ქმნიდა. მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში სინამდვილეში ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა თავზეხელაღებული, პოპულისტური და ეკონომიკის თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული გეგმა, რომლითაც თქვა, რომ ის აღარ შეამცირებდა გადასახადს, რომლითაც თქვა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის შევსება, ვიდრე ეკონომიკის სტიმულირება მოგების გადასახადის გაუქმებით. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მცირე ჯგუფების გულის მოგება. ისეთი მცირე ჯგუფების, რომლებიც თვლიან, რომ დაზარალდნენ მიკროსაფინანსო თუ ონლაინ სესხების შემთხვევაში“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის ეს გეგმა არის პოპულიზმის და ამავე დროს კონტრპროდუქტიული ეკონომიკური ნაბიჯების კომბინაცია. მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დოლარი ცოტა შემოდის და მისი ფასი ლართან მიმართებაში შესაბამისად იზრდება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდა, ჩვენ ამ მდგომარეობაში დიდი ხანი დავრჩებით. როდესაც ინვესტორები მთავრობის 10- პუნქტიან გეგმას წაიკითხავენ, ისინი ნახავენ, რომ ამ ქვეყნის მთავრობა არის პოპულისტი, მთავრობა თავისუფლების შეზღუდვებისკენ დგამს ნაბიჯებს, ეკონომიკის რეგულაციებისკენ დგამს ნაბიჯებს, გადასახადების ზრდისკენ და, შესაბამისად, არანაირი სტიმული ინვესტორებს არ ექნებათ“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე