დონალდ ტუსკი - საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ევროკავშირის შიდა პრობლემაა

ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტუსკმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „საქართველოში დემოკრატიის ნამდვილი წარმატება“ უწოდა.

„მადლობას მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად. დღევანდელ შეხვედრაზე მე მოვუწოდე პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისკენ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები. მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში“, - განაცხადა ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოთქვა საქართველოს მიმართ, რომელიც მისი თქმით, მნიშვნელოვანი პარტნიორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. „იმედის თვალით შევყურებ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საერთო სამომავლო მიზნების დასახვის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 ნოემბერში. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას განუხრელად შეაქვს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე დახმარებისთვის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების საქმეში. რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. დღეს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს ყველა წესთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია ევროკავშირში ვიზებთან დაკავშირებით. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას“, - განაცხადა ტუსკმა.