"რეზონანსი"- დენი შეიძლება 2 თეთრით გაძვირდეს

კომუნალური ტარიფები გაძვირების ზღვარზეა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოკომპანიებს მძიმე დრო უდგათ, გადასახადის გაძვირებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მათი უმეტესობა ირწმუნება კიდეც, რომ სემეკისთვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით არ მიუმართავთ. ამას სემეკშიც ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, ძნელად სავარაუდოა, ლარის რეკორდულ გაუფასურებას კომუნალურმა ტარიფებმა გაუძლოს. ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსახლეობას დენის გადასახადი, მინიმუმ, 2 თეთრით გაუძვირდება. არ არის გამორიცხული, სატარიფო ცვლილება ზაფხულში განხორციელდეს, რათა ხალხს გამოზამთრების საშუალება მისცენ.

გრძელვადიან პერიოდში კომუნალური ტარიფის შენარჩუნება გაჭირდება. ენერგეტიკოსები ამბობენ კიდეც, რომ არსებულ სიტუაციაში ტარიფის ამჟამინდელ ნიშნულზე დატოვება მხოლოდ ხელოვნურად არის შესაძლებელი.

ბოლო პერიოდში კომუნალური გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ირწმუნებიან, რომ გაძვირება არ იგეგმება, თუმცა ენერგეტიკოსებს თუ მოვუსმენთ, კურსის მკვეთრი ცვლილება სხვა არჩევანს არ ტოვებს.

სემეკის ტარიფების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გივი სანიკიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რაც გულისხმობს, რომ კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ მოხდება ყველა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა. ასევე გამოცხადებულია კომისიაში წარსადგენი წინადადებების ბოლო ვადა.

"სატარიფო განცხადების შემოტანა ოქტომბრიდან დაიწყო. ჩვენ ვავალდებულებთ კომპანიებს, რომ ყოვეწლიურად წარადგინონ სატარიფო განაცხადი, რათა გაანალიზდეს და დაიგეგმოს მომავალი წელი. ცალსახად იმის თქმა, რომ დენის ტარიფზე კურსი გავლენას მოახდენს, არასწორია. უნდა მოხდეს სრულად ყველა დანახარჯის გაანალიზება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა.

ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ კურსი გაიზარდა, ტარიფის მატების წინაპირობა არ არსებობს. სრულყოფილად იგი გაანალიზებულიც არ არის. საჯარო განხილვებს დეკემბრის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ. დღევანდელი მოცემულობით, გაძვირების საფუძველი არ იკვეთება", - ამბობს გივი სანიკიძე.

საბოლოო გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია 31 დეკემბრამდე გამოაცხადებს.

ენერგოგამანაწილებელ კომპანიებს თუ მოვუსმენთ, ტარიფის გაძვირების მოთხოვნით სემეკისთვის არავის მიუმართავს და ამ მხრივ ცვლილებას არც ელიან.

"თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

"წარვადგინეთ წლიური ელექტრონული ანგარიში ხარჯებთან დაკავშირებით. კურსი უნდა დაფიქსირდეს გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ ტარიფის გაძვირება არ მოგვითხოვია", - ამბობენ "თელასში", რასაც "ენერგო პრო ჯორჯიაშიც იმეორებენ".

ენერგეტიკოსი გია არაბიძე კი არ მალავს, რომ კომუნალური გადასახადების გაძვირების მოლოდინშია. ამ ეტაპზე ტარიფის შენარჩუნება მხოლოდ ხელოვნურადაა შესაძლებელი. სავალუტო კურსი სხვა შესაძლებლობას არ ტოვებს.

"თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ფაქტობრივად, მოკვდება ენერგოკომპანია, თუკი ტარიფს არ გადახედავს. ჩემი აზრით, აუცილებლად შეიტანენ განაცხადს გაძვირებასთან დაკავშირებით. ამაზე ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ კულუარებში აქტიურად მიდის მსჯელობა. შეიძლება, მხოლოდ კურსი არ იყოს მიზეზი, კომპლექსურად სხვა საკითხიც გამოჩნდეს, რომელიც ტარიფის გადახედვის წინაპირობა გახდება.

ძალიან მძიმე იქნება სემეკისათვის გაძვირების გადაწყვეტილება, მაგრამ შენარჩუნებაც უფრო მძიმე შეიძლება იყოს. თავდაპირველად, როცა კომუნალური გადასახადი 2,30-იან ნიშნულზე იყო დაანგარიშებული, გაჩნდა ჩანაწერიც, რომ 10%-იანი სხვაობის შემთხვევაში, ტარიფის გადახედვას მოახდენდნენ. ამჟამინდელი გადასახადი თუ შენარჩუნდა, ეს იქნება ხელოვნურად გაჩერებული.

ენერგოკომპანიების განაცხადებს არ ვიცნობ და მიჭირს თქმა, რამდენით შეიძლება მოიმატოს ტარიფმა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ცვლილება 2 თეთრზე ნაკლები არ იქნება", - აცხადებს გია არაბიძე.

გაძვირებას არც ფინანსისტი დავით ასლანიშვილი გამორიცხავს. როგორც მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ახლა კურსზე მნიშვნელოვანი ისაა, დენის და გაზის ტარიფები როდის გაიზრდება, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

"ამ ეტაპზე მთავარი პრობლემებია: 1 წლის განმავლობაში როგორ გადაიხდის კერძო ბიზნესი 4 მილიარდ დოლარამდე არსებულ საგარეო ვალს? ამ წელს 800 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე, მომდევნო წელს კი 3 მილიარდ დოლარამდეა გადასახდელი. მეორე საკითხი - რა მოხდება კომუნალური ტარიფების გაზრდის შემდეგ? გარდა აქციზის გადასახადის გაზრდისა, მოგვიწევს დენის, გაზის და სხვა ტარიფების აწევა, რაც მოსახლეობის ჯიბეს დაარტყამს", - აღნიშნა ასლანიშვილმა.

განსხვავებულად ფიქრობს ენერგეტიკის ექსპერტი თემურ ჭიჭინაძე, რომლის ვარაუდითაც, კომპანიებს გადასახადის გაზრდის საჭიროება არ აქვთ.

"ტარიფი ისედაც მაქსიმალურად არის გაზრდილი. არა მგონია, კურსის ცვალებადობას ამჯერად გადასახადების ზრდა მოჰყვეს. ამ ეტაპზე ეს საჭიროება არ უდგათ.

ტარიფის გაზრდა მოსახლეობისა და მრეწველობისთვისაც ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფო პოზიცია, არ მისცეს კომპანიებს ტარიფით სპეკულირების საშუალება. შარშან სახელმწიფო წამოეგო მათ ანკესს და გადასახადს მოუმატეს. ახლა ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან. ამგვარ ცვლილებას ნამდვილად არ ველოდები", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

შეიძლება ითქვას, კომუნალური ტარიფები გაძვირების ზღვარზეა. თუკი კურსი ასეთ ნიშნულზე დარჩება და დევალვაციაც გაგრძელდება, შესაძლოა, სხვა გამოსავალი არც დარჩეს. სემეკს აქვს ყველა უფლება, ნახევარ წელიწადში კვლავ გადახედოს კომპანიების საგადასახადო პოლიტიკას და უკვე ზაფხულში ისევ დადგეს ტარიფების გაძვირების საკითხი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"