ლარის გაუფასურების გამო, საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს

ლარის კურსის გაუფასურების გამო, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ბიუჯეტის საკითხი საკრებულოს დღევანდელი დღის წესრიგში არ არის, თუმცა ფრაქცია აპირებს გააკეთოს განცხადება, რათა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება და მეტად მორგება ხალხის საჭიროებებზე.

„ლარის კურსის გაუფასურებიდან გამომდინარე, მერიამ აუცილებლად უნდა გადახედოს 2016 წლის მიმდინარე ბიუჯეტს, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ წელს წლის ბოლოს დაიწყეს კატასტროფულად ავანსების გაცემა. ასევე მოვითხოვთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მკვეთრად შეამცირონ ადმინისტრაციული და ზოგადად ფუფუნების ხარჯები და ეს ბიუჯეტი ორიენტირებული იყო დასაქმებაზე“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკრებულოში ირაკლი ნადირაძემ.

მის განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა.

ტყემალაძის თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები თბილისის 2017 წლის ბიუჯეტში ისედაც შემცირებულია.

„თბილისის ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად წარმოდგენილი იყო საკრებულოში, თავისთავად უკვე გულისხმობდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, პროცედურის შესაბამისად რიგი შენიშვნები განხორციელდა და მოხდა თბილისის ბიუჯეტის მერიაში გადაგზავნა. დღესდღეობით ბიუჯეტის გადამუშავება მიმდინარეობს მერიაში, რათა მაქსიმალურად შეჯერებული იყოს მერიისა და საკრებულოს შენიშვნები“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მერიას საკრებულოში 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენის ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.