კობა გვენეტაძე - შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფრის ფასები იზრდება

შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი ნადვილად გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფრის ფასები იზრდება , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინფლაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ინფლაციის თემა არის ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება ინფლაციაზე იმოქმედოს, სები აანალიზებს.

მისივე თქმით, 14 დეკემბერს გაიმართება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ცნობილი გახდება, როგორ აფასებს სები იმ რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით.

გვენეტაძის თქმით, განცხადებაში, რომელიც მონეტარული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება, აისახება ის, თუ როგორ უყურებს ეროვნული ბანკი სიტუაციას და რა ზომებს მიიღებენ.

„ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ამასთან დაკავშირებით დღესდღეობით განცხადების გაკეთება იქნება უპასუხისმგებლობა, რადგანაც არსებობს სხვადასხვა ფაქტორი - აქციზების მატება, ნავთობთან დაკავშირებით შეინიშნება გარკვეულწილად ფასების მატება, მაგრამ ასევე არის სხვა მიმდინარეობები და მოვლენები, ასევე 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენც ახლა მივიღეთ. ყველა ამ საკითხს გავაანალიზებთ. ძალიან ხშირად ისმის ასეთი კომენტარები, რომ ყველაფერი გაძვირდა. იმისდა მიხედვით, რა ინდექსიც არსებობს და ეს არის საერთაშორისოდ შემუშავებული და ის ინდექსი, რომელიც ყველა მოთხოვნას პასუხობს, ფასების ზრდა საქართველოში არ ყოფილა. ამიტომ ჟურნალისტებს გთხოვთ, რომ როდესაც ამაზე არის საუბარი, იქნება ოფიციალურ სტატისტიკასაც შეხედოთ. შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს ნადვილად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფერის ფასები იზრდება. ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით დღეს ნამდვილად არ გვაქვს ცუდი სიტუაცია, რადგან ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ კარგად იზრუნა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გავავრძელებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ინფლაცია დარჩეს დაბალი“, - განაცხადა გვენეტაძემ.