გადამეტებული კონცენტრაციების მხრივ თბილისში წერეთლის გამზირი გამოირჩევა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრის თვის ანგარიში - ”მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ” წარმოადგინა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ბაგრატიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადამეტებული კონცენტრაციების მხრივ თბილისში წერეთლის გამზირი გამოირჩევა.

„წერეთელზე გადაჭარბებული იყო აზოტის დიოქსიდი 1,4-ჯერ, აზოტის ოქსიდი 1,6-ჯერ, ასევე გადაჭარბებული მტვერი 2,1-ჯერ აღემატებოდა ნორმას. 14 დღე მტვერი აღემატებოდა ნორმას წერეთლის გამზირზე. ეს ნიშნავს, რომ მტვრის შემცველობა ნორმას აღემატებოდა 30 დღის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს. ყაზბეგის ქუჩაზე შედარებით კარგი მდგომარეობა იყო, მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ 3 დღე აღემატებოდა ნორმას მტვერი 1,4-ჯერ. ვარკეთილში 30 დღის განმავლობაში 4 დღე აღემატებოდა მტვერი ნორმას 1,3-ჯერ. თუმცა, ვარკეთილში გამოვლინდა ოზონი, როგორც დამაბინძურებელი და 1,1-ჯერ აღემატებოდა ნორმას“, - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

რაც შეეხება რეგიონებს, როგორც თამარ ბაგრატიამ აღნიშნა, ყველაზე ცუდი მდგომარეობა ბათუმში დაფიქსირდა.

„ქუთაისში მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია ნორმას 3-ჯერ აღემატებოდა, ზესტაფონში 1,4-ჯერ, ბათუმში ოქტომბრის თვეში საკმაოდ სამწუხარო და არასასურველი ფაქტი დაფიქსირდა, მტვერი ისევ რჩება ბათუმისთვის მნიშვნელოვან დამაბინძურებლად, 1,6-ჯერ აღემატებოდა, ნახშირორჟანგი 1,2-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდი 7,5-ჯერ აღემატებოდა ნორმას“, - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმოს.

როგორც თამარ ბაგრატიამ აღნიშნა, რუსთავში მტვრის მყარი შეწოვილი ნაწილაკები 3-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ჭიათურაში გოგირდის დიოქსიდის გადაჭარბება დაფიქსირდა, ის 1,3-ჯერ აღემატებოდა ნორმას.